უკრაინის კრიზისი

ჰეიგს იმედი აქვს, რომ უკრაინაში არალეგიტიმური რეფერენდუმი აღარ ჩატარდება

Britain's Conservative Party foreign affairs spokesman Hague speaks to the media on his arrival for a meeting in London
Chris Helgren / REUTERS

თბილისში მყოფი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც უილიამ ჰეიგმა საგარეო საქმეთა სამინიტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ევროკავშირის ქვეყნების რეაქცია გუშინდელ განცხადებაზე, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე".

ჰეიგის თქმით, მას იმედი აქვს, რომ დონეცკსა და სხვა რეგიონებში, სადაც ე.წ. რეფერენდუმი იგეგმებოდა, „გაითვალისწინებენ პრეზიდენტ პუტინის გუშინდელ განცხადებას და აღარ ჩაატარებენ არალეგალურ რეფერენდუმს. ისინი უნდა კონცენტრირდნენ 25 მაისს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელშიც ყველა უკრაინელს უნდა შეეძლოს მონაწილეობის მიღება".

უილიამ ჰეიგის აზრით, პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებიდან რუსი სამხედროების გაყვანა ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაკისრების საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს განიხილავენ.

„ჩვენ მზად ვართ და საჭიროების შემთხვევაში მომავალშიც გავაგრძელებთ უფრო ფართო სანქციებზე მუშაობას. ჩვენ რუსეთს კვლავ 17 აპრილს ჟენევაში მიღწეული შეთანხმების შესრულებისკენ მოვუწოდებთ, რათა დაძაბულობის შემსუბუქება მოხდეს", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვლადიმირ პუტინის გუშინდელი განცხადებები იმის შესახებ, რომ იგი სეპარატისტებს ე. წ. რეფერენდუმის გადადებისკენ მოუწოდებს და უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებს მიესალმება, ფარსია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყებამ განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა კიევს სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა და სეპარატისტებთან მოლაპარაკების დაწყება მოსთხოვა.

ოფიციალური კიევი მიჩნევს, რომ რუსეთის განცხადებებს არანაირი კავშირი არ აქვს კონფლიქტის მოგვარებასთან და სიტყვების ნაცვლად, მოსკოვმა ჟენევაში საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს. უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არა სამოქალაქო ომია ორ მხარეს შორის, არამედ აგრესია რუსეთის მხრიდან. თუმცა პუტინის განცხადებებს რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიჩნევს.

უკრაინის პრემიერმინისტრმა არსენი იაცენიუკმა კი პუტინს ურჩია, ჰაერით ვაჭრობას თავი დაანებოს, რადგან 11 მაისისთვის უკრაინაში არანაირი რეფერენდუმი დანიშნული არ ყოფილა, ხოლო პუტინის მოწოდებები მასსა და მას დაქვემდებარებულ ტერორისტებს შორის შიდა გარჩევას წარმოადგენს.

სეპარატისტები აღმოსავლეთ უკრაინაში კი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას რეფერენდუმის ჩატარების შესახებ არა პუტინი, არამედ თავად მიიღებენ. რადას წევრის, სეპარატიზმის მხარდამჭერის ოლეგ ცარიოვის თქმით, გადაწყვეტილებას ამ საკითხზე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზოგადოება თავად მიიღებს. ე. წ. დონეცკის რესპუბლიკის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების მისაღებად მოგვიანებით შეიკრიბებიან.

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან ჯარები გაიყვანა და სამხედროები მხოლოდ პოლიგონებზე მანევრებში მონაწილეობენ. თუმცა, ამას როგორც უკრაინის ხელსუფლება, ასევე პენტაგონი და თეთრი სახლი უარყოფენ და აცხადებენ, რომ რუსული ჯარები კვლავაც უკრაინის საზღვართან არიან განლაგებული.

კომენტარები