ამერიკული ხომალდი

ამერიკული ხომალდი ტეილორი სამდღიანი ვიზიტით ბათუმის პორტში შევიდა

www.navsource.org

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ფრეგატი ტეილორი სამდღიანი ვიზიტით ბათუმის პორტში შევიდა. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ტეილორის საქართველოში ყოფნა ხაზს უსვამს შეერთებული შტატების სურვილს, გააძლიეროს ურთიერთობები NATO-ელ მოკავშირეებთან და NATO-ს პარტნიორ ქვეყნებთან.

"ისეთთან, როგორიც საქართველოა და მათთან ერთად ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამტკიცებას", - აღნიშნავს აშშ-ის საელჩო.

ფრეგატის პირადი შემადგენლობა საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშომლებთან ერთად, ჩაატარებს წვრთნებს გემზე ასვლის, მისი ჩხრეკისა და დაკავების, აგრეთვე გემზე სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, კარიერული განვითარებისა და სამეთაურო ეთიკის საკითხებში.

ამერიკული ხომალდი ბოლოს საქართველოს 2013 წლის ნოემბერში სტუმრობდა. მაშინ, აშშ-ის სამხედრო ხომალდი Mount Whitney სამი დღით ეწვია ბათუმის პორტს და საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივი წვრთნები ჩაატარა. 

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო გემის ტეილორის შემოსვლას მიესალმება. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აშშ-ის მე-6 ფლოტის სამხედრო გემი ტეილორის პერსონალი გამოცდილებას გაუზიარებს საქართველოს სანაპირო დაცვას.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბათუმის პორტში მსგავსი ტიპის გემი შემოდის. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი სანაპირო დაცვის თანამშრომლებისთვის და, რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და აშშ-ს შორის მეგობრულ ურთიერთობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და სინანული გამოთქვა, რომ ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრებას მთავრობის სხდომისა და ჯანდაცვის პროგრამის შედეგების პრეზენტაციის გამო ვერ ახერხებს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ღონისძიებებს ბათუმში ვიცეპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და პარლამენტის წევრები დაესწრებიან.

კომენტარები