რუსთავი 2-ის საქმე

კოტე კუბლაშვილი: ჟურნალისტს წყაროს გამჟღავნების ვალდებულება ვერ დაეკისრება

წყაროს გამჟღავნების ვალდებულება ჟურნალისტს არ შეიძლება დაეკისროს, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბაშვილმა დღეს ჟურნალისტებს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომელიც ფარული ჩანაწერების მოსალოდნელ გამოქვეყნებას შეეხება.

"მე არ მომისმენია ეს კონკრეტული განცხადებები, თუმცა აქ შეიძლება ერთადერთი საკითხი დადგეს გარანტიის კუთხით, რომ წყაროს გამჟღავნების ვალდებულება არ შეიძლება დაეკისროს ჟურნალისტს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარანტიაა ჟურნალისტის, საერთოდ მედიის დამოუკიდებლობის. ამიტომ პირველ რიგში, ამას უნდა მიექცეს ყურადღება, შემდეგ მოდის ის ვალდებულებები, რაც აქვს როგორც მედიის წარმომადგენლებს, ისე ნებისმიერ მოქალაქეს. მაგრამ ყველა შემთხვევაში, ჟურნალისტს გარკვეულწილად, მედიის დამოუკიდებლობიდან გამომდინარე, აქვს სწორედ ეს ერთ-ერთი უპირატესობა, რომ შეიძლება წყარო არ გაამჟღავნოს", - განაცხადა კუბლაშვილმა.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ პრესკონფერენცია გამართა და ხელისუფლებას იმ ფარული ჩანაწერების გასაჯაროებას დაჰპირდა, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლებამ საკუთარ მაღალჩინოსნებს გადაუღო. ამ განცხადების შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიამ ნიკა გვარამია გააფრთხილა, რომ ფარული ჩანაწერების განხორციელება, რეალიზაცია და გასაჯაროება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. 

მთავარმა პროკურატურამ კი საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რომ პირადი საუბრების ჩანაწერების უკანონო გამოყენება და გავრცელება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს. 

 

კომენტარები