ფარული ჩანაწერები

კახიძე: უკანონობაზე საზოგადოების ინფორმირება ჟურნალისტის ვალდებულებაა

იურისტმა, საკონსულტაციო კომპანიის BGI Legal დირექტორმა ოთარ კახიძემ ცინიკური უწოდა ხელსუფლების წარმომადგენელთა რეაქციას ტელეკომპანია რუსთავი 2-ს გარშემო განვითარებული მოვლენების მიმართ, რადგან მათი მხრიდან აქცენტი კეთება არა სახელმწიფოზე, რომელიც უკანონოდ უსმენს მოქალაქეებს, არამედ ჟურნალისტზე, რომელიც სახელმწიფოს ამაში ამხელს.
„ამის ნაცვლად საუბრობენ ჟურნალისტების პასუხისმგებაში მიცემაზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეს არის სრული აბსურდი". - განაცხადა კახიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში.

მან უარყო ეკა ბესელიას მოსაზრება მის შესახებ, რომ ჟურნალისტის უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნების უფლება არ გააჩნია. კახიძის განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ზე მუხლის თანახმად, მოწმედ დაკითხვის და საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოძიებისთვის მიწოდების ვალდებულება არ ეკისრება ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამ მხრივ პირდაპირი გამონაკლისი არსებობს - ვერავინ დაავალდებულებს ჟურნალისტს გასცეს ინფორმაცია და ეს უფლება, კანონის თანახმად, უთანაბრდება ადვოკატისა და კლიენტს შორის ურთიერთობას და აღსარების საიდუმლოებას.

კახიძემ აღნიშნა, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მე 3- მუხლიც განმარტავს, რომ ცენზურა დაუშვებელია, მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობა დაცულია და ჟურნალისტს აქვს უფლება, ინფორმაციის წყაროს საიდუმლოება დაცვას.

იგივე კანონის თანახმად, პირადი საიდუმლოების გამხელის შემთხვევაშიც პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ ინფორმაციის გამხელა მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას. შესაბამისად, როდესაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, კანონი აძლევს ჟურნალისტს უფლებას გამოიყენოს მასალა, იმის მიუხედავად, როგორ არის ის მოპოვებული.

„უკანონო მოსმენა არის დანაშაული და გამოძიებამ უნდა გამოავლინოს ის პირი, ვინც ამ უკანონობას ახორციელებდა. ხოლო ჟურნალისტს არა მხოლოდ უფლება აქვს საზოგადოების ინფორმირება მოახდინოს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული უკანონობის თაობაზე, არამედ ვალდებულია ეს გააკეთოს", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

კომენტარები