შსს

სოფელ ჭობისხევში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცემის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, ბორჯომის რაიონის სოფელ ჭობისხევის ტყეში სახერხი ტექნიკის დემონტაჟის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ცემის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

"ბორჯომის რაიონის სოფელ ჭობისხევის ტყეში გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო სამსახურმა უკანონო სახერხი საამქრო და უნებართვოდ მოჭრილი მორებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა აღმოაჩინა. სატყეო სამსახურის თანამშრომლების და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სახერხი ტექნიკის დემონტაჟი დაიწყეს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან აგრესია და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც სიტუაცია განმუხტეს. ინციდენტის შედეგად დაზიანდა სატყეო სამსახურის კუთვნილი ავტომობილი. გამოძიება ცემის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 125-ე და 187-ე მუხლებით)", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები