26 მაისი

ლაშა აბაშიძე: გიორგი მარგველაშვილი 26 მაისს წვევამდელთა ფიცს ჩაიბარებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 26 მაისს წვევამდელთა ფიცს ჩაიბარებს - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა აბაშიძემ განუცხადა. 

"26 მაისს გაიმართება წვევანდელთა ფიცის დადების ცერემონიალი, შესაბამისად, სამხედრო კომპონენტის დროს პრეზიდენტი როგორც მთავარსარდალი, ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და ფიცს ჩაიბარებს", - თქვა ლაშა აბაშიძემ და აღნიშნა, რომ 26 მაისს წვევამდელთა მიერ ფიცის დადების ცერემონიალი თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

მთავრობის წევრების განმარტებით კი, წლევანდელი 26 მაისიც სახალხო დღესასწაული იქნება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის თქმით, 26 მაისი შარშანდელ ფორმატში აღინიშნება. 

"პირველ რიგში, ეს უნდა იყოს სახალხო და არა პომპეზური. იქნება ის, რითაც ჩვენმა საზოგადოებამ, ახალგაზრდებმა, ბავშვებმა, ოჯახებმა უნდა იდღესასწაულონ", - განაცხადა ყიფიანმა და აღნიშნა, რომ 26 მაისის აღნიშვნაში მისი უწყებაც იქნება ჩართული.

"ეს დღე მიახლოებით შარშანდელი ფორმატის იქნება",- თქვა მინისტრმა.

ამასთან, 26 მაისის ღონისძიებების საორგანიზაციო სამუშაო ჯგუფის შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სახალხო ზეიმი იქნება და აღლუმი არ გაიმართება. პრესსამსახურის ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებები მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობაზე იქნება ორიენტირებული და მასში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ რეგიონები.

კომენტარები