ალასანია: ობამას და NATO-ს შემოთავაზებებით, ქვეყანა უფრო დაცული იქნება

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის და NATO-ს შემოთავაზებებით, ქვეყანა უფრო დაცული იქნება. ალასანია ბარაკ ობამას ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებას გულისხმობს და აღნიშნა, რომ კონკრეტულად საქართველოსთვის საუბარია თავდაცვითი შეიარაღების და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე. 

"NATO-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეგვიძლია – სამიტის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა, იმ შემოთავაზებებით, რომელიც აქვს NATO-ს და თავად აშშ-ის პრეზიდენტ ობამას, უფრო დაცული იქნება. აქ საუბარია კონკრეტულად საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე. როგორც აისახება ჩვენი პროგრესი სამიტის დეკლარაციაში, ამის პარალელურად, გაძლიერდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობა. ჩემი აზრით, ეს იქნება ისტორიული მომენტი ჩვენი ქვეყნის ურთიერთობაში NATO-სთან, რომ დეკლარაციული ხასიათის განცხადებებიდან, მეტი აქცენტი გადავა კონკრეტულად საქართველოში, ჩვენს ტერიტორიაზე თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი საზოგადოებისათვის და ჩვენი ჯარისთვის, რომელიც პრაქტიკულად სრულად თავსებადია NATO-სთან, რაც აღნიშნა ყველა გამომსვლელმა NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გვექნება შემაკავებელი ფუნქცია", - აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

ამერიკის შეერთებული შტატები აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი სამხედრო ძალების გაძლიერებას გეგმავს. ამისთვის ბარაკ ობამა კონგრესს დამატებით მილიარდ დოლარს სთხოვს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ახალი ინიციატივა უსაფრთხოების სფეროში ახალ გამოწვევებს უკავშირდება. გათვალისწინებულია ამერიკული საზღვაო ძალების გაძლიერება შავ და ბალტიის ზღვებზე. 

ასევე, ერთი თვის წინ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა შესთავაზოს NATO-ს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი, საქართველოში. ალასანიას თქმით, საქართველოში უნდა განთავსდეს საჰაერო თავდაცვითი საშუალებები და რუსეთი მიხვდება, რომ ისინი სერიოზულად უდგებიან საკითხს.

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ, ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა, რომ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას გზავნილი ნათელი იყო და ალიანსი განიხილავს მის წინადადებას საქართველოში თავდაცვითი საშუალებების განლაგების შესახებ.

პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძის შეფასებით, საქართველოში NATO-ს თავდაცვითი საშუალებების განთავსებაზე ირაკლი ალასანიამ ნაჩქარევი განცხადება გააკეთა და ასეთ დროს სიფრთხილეა საჭირო. უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის თქმით კი, თავად ამ განცხადებას ეთანხმება, თუმცა, მსგავსი განცხადებები შეთანხმებული უნდა იყოს როგორც მთავარსარდალთან, ასევე უშიშროების საბჭოზეც უნდა იყოს განხილული.

კომენტარები