ცესკო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნას ადასტურებს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადასტურებენ, რომ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამ ყულიევი რეგისტრაციიდან მოიხსნა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით, უფლებამოსილ სუბიექტებს უფლება აქვთ ხვალ 18 საათამდე აღნიშნული გადაწყვეტილება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრონ, კომისია საჩივარს ორი დღის ვადაში განიხილავს.

მისი თქმით, დღეს ამოიწურა ვადა, რომელშიც საარჩევნო სუბიექტებს და მათ კანდიდატებს შეეძლოთ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ და ის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას არ შეეხებოდა.

კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნის მიზეზი ის გახდა, რომ იმამ ყულიევს ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში არ უცხოვრია. თუმცა, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა დღეს წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომელიც, მისი თქმით, ამტკიცებს, რომ იმამ ყულიევმა საქართველოს საზღვარი რამდენჯერმე ბიზნესსაქმიანობის გამო გადაკვეთა.

ნაციონალური მოძრაობა საოლქო კომისიის გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს და აცხადებს, რომ კანდიდატი არჩევნებიდან ხელსუფლების დაკვეთთ მოიხსნა, რადგან გამარჯვების რეალური შანსები ჰქონდა. ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ აკმამედ იმამ ყულიევს კანდიდატურის მოხსნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალი მამედოვმა პირადად მოსთხოვა.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დღეს მარნეულში ჩავიდნენ, სადაც საოლქო კომისიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ამის გამო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავის განცხადებაში შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა „გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედებას" ცდილობდა. ცესკო ნაციონალური მოძრაობის წევრებს მოუწოდებს „არ განახორციელონ ისეთი სახის ქმედება, რომელიც შეიცავს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლის ნიშნებს და იმოქმედონ მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში, კანონმდებლობის შესაბამისად".

კომენტარები