პრემიერი პოლიტიკურ ძალებს: საარჩევნო კამპანიაში არეულობას ნუ შეიტანთ

Irakli Garibashvili official/Facebook.com

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, საარჩევნო კამპანიაში არეულობის შეტანისგან თავი შეიკავონ. 
პრემიერმა განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, მარნეულში გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა. 

"მინდა მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავონ და არ შეიტანონ საარჩევნო კამპანიაში რაიმე სახის არეულობა. ეს არის ძალიან პრინციპული ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, ეს ეხება ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლას და განვითარებას. მით უმეტეს, საოლქო კომისიის თავმჯდომარეზე გაუგონარი ზეწოლის განხორციელება არის ყოვლად დაუშვებელი და ამაზე ხდება ძალიან მკაცრი რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან", - აღნიშნა პრემიერმა და დაამატა, რომ მთავრობას აქვს ამბიციები და მოტივიცია - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩაატაროს იმავე პირობებში, რა პირობებშიც საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. 

"ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განვაცხადეთ, რომ არ დავუშვებდით გაუმჭვირვალე, არათანაბარ საარჩევნო გარემოს. ჩვენს მიერ ნოემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ამ კუთხით იყო უპრეცედენტო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში და ჩვენ გვაქვს ამბიციები და მოტივაცია, რომ იგივე პირობებში ჩავატაროთ ადგილობრივი არჩევნები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გუშინ საღამოს განკარგულებით, ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი აკამედ იმამყულიევი რეგისტრაციიდან მოიხსნა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მარნეულში ჩავიდნენ, სადაც საოლქო კომისიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ამის გამო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავის განცხადებაში შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა „გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედებას" ცდილობდა. ცესკო ნაციონალური მოძრაობის წევრებს მოუწოდებს „არ განახორციელონ ისეთი სახის ქმედება, რომელიც შეიცავს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლის ნიშნებს და იმოქმედონ მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში, კანონმდებლობის შესაბამისად".

კომენტარები