ქართული ოცნება: ჩვენი ოპონენტები არარსებულ დარღვევებზე ალაპარაკდნენ

კოალიცია ქართული ოცნების განცხადებით, "მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში, ჩვენმა ოპონენტებმა უკვე დაიწყეს მმართველი კოალიციის მიერ არჩევნების გაყალბებაზე საუბარი". კოალიცია აღნიშნავს, რომ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს სერიოზული დარღვევები არ დაუფიქსირებიათ.

"კვლევებზე დაყრდნობითა და საზოგადოებრივი განწყობების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვიყავით ჩვენს გამარჯვებაში. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ენდობა საკუთარ მოსახლეობას და პირველად საქართველოს ისტორიაში, დაუშვა 12 მერისა და 59 გამგებლის პირდაპირი არჩევა, საარჩევნო ბარიერის 50%-მდე აწევა, კორექტირება გაუკეთა საარჩევნო სიებს და საარჩევნო პროცესში ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიები გამოიყენა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები, ნაცვლად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ სრულად გამოეყენებინათ ხელისუფლების მიერ კანონმდებლობით გარანტირებული და სახელმწიფო უწყებების მიერ უზრუნველყოფილი დემოკრატიული და კონკურენტული გარემო, თავისუფალი მედია, ისინი რატომღაც ალაპარაკდნენ არარსებულ დარღვევებზე, რითაც მმართველი კოალიციისა და მთლიანად, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ" - აღნიშნავს ქართული ოცნება და ამის მაგალითად, ენმ-ის მარნეულზე გაკეთებულ განცხადებებს ასახელებს.

"შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ სწორედ მარნეულში თქვა უარი საკუთარ ინტერესებზე და გამგებლობის კანდიდატურა ოპოზიციის სასარგებლოდ მოხსნა, რათა თავიდან აეცილებინა ეთნიკური დაპირისპირების მცდელობაც კი. შესაბამისად, იმ რაიონში, სადაც კანდიდატი არ გვყავს, გონიერებას მოკლებულია ქართული ოცნების გაყალბებაში დადანაშაულება. ასევე, ჩვენი მთავრობის აქტიურობითა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მაღალი ინტერესით, არჩევნებს აკვირდება 30-ზე მეტი საერთაშორისო და 50-ზე მეტი ადგილობრივი სადამკვირვებლო მისია, დიპლომატიური კორპუსი, რაც გამორიცხავს ქართული ოცნების ან რომელიმე პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ პროცესების მიკერძოებულ შეფასებას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ კონკურენტებს, თავი შეიკავონ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისაგან და ერთად ვიზრუნოთ ქვეყანაში დემოკრატიის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაზე" - აცხადებს მმართველი კოალიცია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, მარნეულში რამდენიმე საარჩევნო უბანზე დარღვევები ფიქსირდება. ენმ-ის ცნობით, #2-ე საარჩევნო უბანზე 41 ნომრიანი მაისურებით ახალგაზრდები აგიტაცია-პროპაგანდას ეწეოდნენ. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებითვე, "მარნეულში ხელისუფლების ზონდერები ამომრჩეველზე ღია ტერორს ახორციელებენ". ამის გარდა, საპარლამენტო ოპოზიციის ინფორმაციით, მარნეულის 39-ე საარჩევნო უბანზე მასობრივად ყრიან საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს. მათივე ცნობით, მარნეულის 57-ე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად კაბინაში ორი ადამიანი შევიდა. გარდა ამისა, ადამიანებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გარეშე უშვებენ. ენმ-ის ინფორმაციითვე, მარნეულის #42-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები დამკვირვებელზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას შეეცადნენ. მათივე ცნობით, მარნეულის 38-ე და მე-80 უბანში ჩაიკეტნენ კომისიის წევრები და არ იღებენ ნაციონალური მოძრაობის საჩივარს. ხოლო 35-ე უბანზე კომისიის წევრებს და თავისუფალი ზონის დამკვირვებლებს ემუქრებიან.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ მარნეულში გამგებლობის კანდიდატურა მოხსნა, თუმცა, პარტიულ და მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობს. 

კომენტარები