მარნეულის #22-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს 11 საჩივარი განიხილეს

რადიო თავისუფლება

მარნეულის #22-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს 11 საჩივარი განიხილეს. მათ შორის 2 საჩივარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ იყო შეტანილი, რამდენიმე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, მრავალეროვანი საქართველოს და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აღნიშნული საჩივრებით მოითხოვდა მარნეულში 15 საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას. თუმცა სხდომის თავმჯდომარემ და საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრებმა არც ერთ საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მხარი არ დაუჭირეს.

ნაციონალური მოძრაობის წევრის ხათუნა გოგორიშვილის განმარტებით, დღევანდელი სხდომის დაწყებამდე მან ძალიან კარგად იცოდა, რომ მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისია არ დააკმაყოფილებდა მათ მოთხოვნას უბნების შედეგების გადათვლასა და თხუთმეტივე უბანზე არჩევნების შედეგების გაუქმებაზე. სხდომა ხუთ საათს გაგრძელდა და არც ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იაკობ ასანიძემ განაცხადა, არც ერთი საჩივარი არ იყო არგუმენტირებული და სწორედ აქედან გამომდინარე, მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიამ საჩივრები არ დააკმაყოფილა.

კომენტარები