ნაციონალური მოძრაობა

საგარეო უწყებამ გუშინდელ ინციდენტზე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დაიბარა

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, სამინისტრომ აზერბაიჯანის შესაბამის უწყებაში ნოტა გააგზავნა და მოითხოვა იმის დამადასტურებელი ყველა საბუთი, თუ რა მოხდა გუშინ ბაქოს აეროპორტში. ფანჯიკიძე დღევანდელ პრესკონფერენციაზე დეპუტატების ზურაბ ჯაფარიძის და ირმა ნადირაშვილის აზერბაიჯანის აეროპორტში დაკავების შესახებ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ფაქტია, რაღაცას ჰქონდა ადგილი, რაღაც პრობლემა იყო იქ".

მინისტრის განცხადებით, საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანში საკითხის გარკვევა მას შემდეგ დაიწყო, რაც მედიამ ძალიან დიდი ინტერესი გამოთქვა.

"როდესაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეს და მით უმეტეს, პარლამენტის წევრს, საქართველოს საელჩოს საკონსულო დეპარტამენტი ვალდებულია საქმის ვითარება გაიგოს", - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ამ მიზნით საქართველოს კონსული და ვიცეკონსული აეროპორტში გაემგზავრნენ, რათა გაერკვიათ, რა საფუძველი ჰქონდა გავრცელებულ ინფორმაციას.

ამასთან, მაია ფანჯიკიძის თქმით, "აეროპორტში საქართველოს ელჩი არ ყოფილა, თუმცა მან გაიგო, რომ რაღაც ხდებოდა თავისი კოლეგებისგან და წყაროებისგან და გუშინ ეს ინფორმაცია გაავრცელა". მინისტრის თქმით, "დღეს საგარეო უწყებაში დაბარებულია საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი და მისგან მოისმენენ თუ რა ინფორმაციას ფლობს".

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ საპარლამენტო უმცირესობის წევრების ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის შესაძლო დაკავების შესახებ, საზღვარზე ელექტროშოკური აპარატების და დიდი ოდენობით ფულადი თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტზე. აღნიშნული ინფორმაცია აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ "დეპუტატებს არადეკლარირებული თანხა ჰქონდათ".

თავად ზურაბ ჯაფარიძემ და ირმა ნადირაშვილმა უარყვეს დაკავების ფაქტი. ჯაფარიძის ვარაუდით, ქართული სპეცსამსახურები იმ პირებს უსმენდნენ, ვისაც დეპუტატი თბილისში ირმა ნადირაშვილის ვაიბერის საშუალებით უკავშირდებოდა.

„მე და გოგა ხაჩიძემ სატელეფონო საუბრისას ისეთი განცდა შევქმენით, რომ თითქოს რაღაც მოგვქონდა, გვეგონა, აქ პოლიცია დაგვხვდებოდა და გავერთობოდით, მაგრამ გაცილებით უარესი აღმოჩნდა, ბაქოს აეროპორტში საქართველოს მთელი საელჩო დაგვხვდა. მე და ირმა ნადირაშვილმა ელჩთან შეხვედრა ვცადეთ, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ნაცვლად იმისა, რომ საელჩოს წარმომადგენლები ჩვენ შეგვხვედროდნენ, მითხრეს, რომ ისინი მებაჟეებს ეკითხებოდნენ - ვიყავით თუ არა დაპატიმრებულები, ამათ რამდენი ელექტროშოკი აღმოაჩნდათო. გარდა ამისა, დიდი ალბათობით საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლები დადიოდნენ და ფოტოებს გვიღებდნენ. ამის შემდეგ ირმას და მე 30 წუთის განმავლობაში გვჩხრეკდნენ. ამის გამო თვითმფრინავმა 40 წუთით დააგვიანა“, - თქვა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ტაბულას ეთერში, თოქშოუ თეორემაში პირდაპირი ჩართვისას.

კომენტარები