პატიმრის გარდაცვალება

სამინისტროს პრესსამსახური: პატიმრის გარდაცვალება ძალადობას არ გამოუწვევია

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, "რუსთავის ციხეში პატიმრის გარდაცვალება ძალადობას არ გამოუწვევია". პრესსამსახური აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული მ.მ. სასჯელს იხდიდა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამო.

"მას ჰქონდა ქრონიკული დაავადება - ტოქსიკური ნეიროპათია, რომელიც წარსულში, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების გამო ჩამოუყალიბდა. პატიმრის გარდაცვალება არ ყოფილა გამოწვეული ძალადობით. სიკვდილის ზუსტ მიზეზს დაადგენს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახს, ყველა ასეთი ფაქტი სამწუხაროა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმების გატარების შემდეგ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში, სიკვდილობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა დაყვანილი და ნახევარი წლის განმავლობაში არის 8 შემთხვევა, მაშინ როდესაც, ორი წლის წინ, იმავე საანგარიშო პერიოდში, წლის პირველ ნახევარში 68 ადამიანი გარდაიცვალა" - აცხადებს სამინისტროს პრესსამსახური.

ცნობისთვის, რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა. 36 წლის მ.მ რუსთავის ციხეში კვირას, ღამის 10:00 საათზე გარდაიცვალა. პირველად მიზეზად უეცარი სიკვდილი სახელდება, თუმცა გარდაცვილილის ოჯახი ამ ვერსიას არ ენდობა. გარდაცვლილის დედის თქმით, მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა. მისივე ცნობით, გარდაცვლილს სხეულზე, გულმკერდისა და კისრის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ოჯახის წევრების განცხადებით, გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, თუმცა ისინი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებენ.

კომენტარები