გიგი უგულავას საქმე

გიგი უგულავა ე.წ. მოდულის შენობაში გადაიყვანეს

დაკავებული გიგი უგულავა ე.წ. მოდულის შენობაში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, მას ბრალს სწორედ იქ წაუყენებენ. მასთან ადვოკატები ბექა ბასილაია, გიზო უგლავა და გიორგი გელხეური შეუშვეს.

17 საათის შემდეგ, რაც სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ გიგი უგულავას სიტი პარკის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა, უგულავა აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ის დღეს დილით კიევში მიფრინავდა, თუმცა, მას გაფრენის საშუალება არ მისცეს.

უწყების თანამშრომლებმა უგულავას დაკავება გადაუდებელი აუცილებლობით ახსნეს. 

გიგი უგულავა კიევში უკრაინის პატრიარქ ფილარეტთან შესახვედრად მიფრინავდა. ის უკან დაბრუნებას დღეს საღამოს აპირებდა, მან ჟურნალისტებს უკან დასაბრუნებელი ბილეთიც აჩვენა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 2 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს გიგი უგულავას სიტი პარკის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებად 50-ათასლარიან გირაოს, ასევე, პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევას ითხოვდა.

უგულავა მოწმის სახით დასაკითხად პროკურატურაში 4 ივლისს დილის 10:00 საათზე დაიბარეს, ის წინა ღამეს გეგმავდა ქვეყანაში დაბრუნებას.

კომენტარები