გიგი უგულავას საქმე

საგამოძიებო სამსახური: უგულავა მიმალვას აპირებდა, მისი დაკავება აუცილებელი იყო

is.ge

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსის გიორგი გრძელიშვილის განმარტებით, გიგი უგულავა წინასაარჩევნოდ გამოცხადებული მორატორიუმის დროს იმიტომ დააკავეს, რომ მათ ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, ენმ-ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მიმალვას აპირებდა.

"არსებული ოპერატიული ინფორმაციით, უგულავა აპირებდა მიმალვას და საგამოძიებო მოქმედებებისთვის თავის არიდებას. შესაბამისად, გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობით ავიყვანეთ" - აცხადებს გრძელიშვილი.

რაც შეეხება უგულავას თბილისში გამოსამგზავრებელი ბილეთის არსებობას, გრძელიშვილი აღნიშნავს, რომ თბილისის ყოფილმა მერმა გუშინ ორჯერ შეცვალა გამგზავრების მიმართულება. ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით, რატომ არ დააკავეს უგულავა მის ქვისლ გიორგი ღონიაშვილთან ერთად, გრძელიშვილი პასუხობს: "როდესაც დავაკავეთ ღონიაშვილი, მაშინ იყო მის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები. გამოძიების ამ ეტაპზე შეიკრიბა უგულავას წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები. შესაბამისად, მოხდა მისი დაკავება".

მას შემდეგ, რაც სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ გიგი უგულავას სიტი პარკის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა, უგულავა აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ის დღეს დილით კიევში მიფრინავდა, თუმცა, მას გაფრენის საშუალება არ მისცეს. უგულავა ამ დროისთვის ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფება. 

გიგი უგულავა კიევში უკრაინის პატრიარქ ფილარეტთან შესახვედრად მიფრინავდა. ის უკან დაბრუნებას დღეს საღამოს აპირებდა, მან ჟურნალისტებს უკან დასაბრუნებელი ბილეთიც აჩვენა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ენმ-ის საარჩევნო შტაბის უფროსი გიგი უგულავა უკანონო ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს. ამავე ბრალდებით, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი, ხოლო ლატარიის კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელ ალექსანდრე გოგოხიაზე ძებნაა გამოცხადებული. უგულავასთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.

კომენტარები