გიგი უგულავას საქმე

კუბლაშვილი: მოსამართლეზე ხელისუფლებისგან გაშმაგებული თავდასხმა მოხდა

ტაბულა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გიგი უგულავასთვის მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან მასზე და ასევე სხვა მოსამართლეებზე 2012 წლის ბოლოსა და 2013 წლის დასაწყისში "გაშმაგებული თავდასხმები მოხდა".

"მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ ამ კონკრეტული მოსამართლის მიერ და და სხვა რამდენიმე მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც 2012 წლის ბოლოს და 2013 წლის დასაწყისში იქნა მიღებული. მახსოვს, რამდენად გაშმაგებული თავდასხმები მოხდა ამ მოსამართლეების მიმართ ხელისუფლების მაღალი თანამდებობების პირების მხრიდან. ალბათ, ეს ყველას ეხსომება. თუმცა, დღეს ხელისუფლება გარკვეულწინად სხვაგვარად აფასებს. საერთო ჯამში, მინდა ვთქვა, ეს ეხება განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რადგან ყველა ქვეყანაში მათგან უფრო მეტი საფრთხე არსებობს სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის - ყველას მხრიდან უნდა იყოს მიდგომა ერთნაირი, პირველ რიგში პატივისცემა სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ. შეცდომით არის ეს გადაწყვეტილება, რა ხარვეზები შეიძლება იყოს, ეს უნდა გაარკვიოს მხოლოდ ზემდგომმა სასამართლომ", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება გუშინ გვიან ღამით მიიღო. საქმე მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა განიხილა. უგულავას ადვოკატები გოგინაშვილის აცილების შესახებ შუამდგომლობას აყენებდნენ, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ხუთსაათიანი განხილვის შემდეგ მოსამართლე აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსი გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 2 ივლისს საქალაქო სასამართლომ სიტი პარკის საქმეზე გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას პროკურატურის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს გიგი უგულავას მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე, პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. 4 ივლისს ფინანსურმა პოლიციამ თბილისის ყოფილ მერს ახალი ბრალი წაუყენა, მას უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იძულებისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ბრალდება.

კომენტარები