ალექსის სანჩესი

ბარსელონას ვებგვერდმა არსენალში სანჩესის ტრანსფერი დაადასტურა

metro.co.uk

დღეს, საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ლონდონის არსენალთან ალექსის სანჩესის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია, თუმცა მალევე ინფორმაცია წაიშალა.

სხვადასხვა გამოცემები ვარაუდობენ, რომ ბარსელონას ვებგვერდის მომსახურე პერსონალმა შეცდომა დაუშვა და სიახლე ნაადრევად გამოქვეყნდა, თავად ტრანსფერი კი უახლოეს საათებში გაფორმდება. მეორე ვერსიაა, რომ კატალონიური კლუბის საიტი ჰაკერებმა გატეხეს, თუმცა ამ ეტაპზე გუნდს ფაქტის ირგვლივ არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

რაც შეეხება ჩილელ ფორვარდს, ბოლო რამდენიმე დღეა სხვადასხვა წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ის კარიერას არსენ ვენგერის გუნდში გააგრძელებს. თავდაპირველად სახელდებოდა ლივერპულის ვარიანტიც, თუმცა როგორც ჩილელის აგენტმა განაცხადა, ფეხბურთელს ლონდონურ კლუბში გადაბარგების პერსპექტივა უფრო იზიდავს.

Independent-ის ცნობით, ტრანსფერი ოფიციალურად მომდევნო ოთხშაბათამდე დადასტურდება.

თავის მხრივ, ბარსელონა ლივერპულიდან ლუის სუარესის გადაბირებას ცდილობს.

ასევე სხვადასხვა მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ არსენ ვენგერი ნიუკასლ იუნაიტედიდან მარჯვენა მცველის, მატიე დებუშის, ხოლო ქუინს პარკ რეინჯერსიდან ფორვარდ ლოიკ რემის ყიდვას შეეცდება. 

კომენტარები