მიხეილ სააკაშვილის საქმე

წულუკიანი: დღეს მიხეილ სააკაშვილი არის ერთი რიგითი ბრალდებული

თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ვალდებულია წარსდგეს სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოს წინაშე. მისივე თქმით, "აქ შეიძლება, გამოყენებულ იქნეს ყველა ის კანონით დართული მექანიზმი, მათ შორის, საერთაშორისო, რაც ამ ადამიანს მიიყვანს გამომძიებლამდე და სასამართლომდე".

"როდესაც ადამიანი არის პასუხისგებაში მიცემული, როდესაც, მასთან მიმართებაში მიღებულია სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამ ადამიანს აქვს გარკვეული ვალდებულება, წარდგეს საგამოძიებო ორგანოს წინაშე, წარდგეს სასამართლოს წინაშე, და აქ შეიძლება, გამოყენებულ იქნეს კანონით ყველა დართული მექანიზმი, მათ შორის, საერთაშორისო, რაც ამ ადამიანს მიიყვანს გამომძიებლამდე და რაც ამ ადამიანს მიიყვანს სასამართლომდე. იქნება ეს გვარად სააკაშვილი თუ სხვა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი არის ერთი რიგითი ბრალდებული", - თქვა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა 2 აგვისტოს შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 22 სექტემბერს 12:00 საათზეა ჩანიშნული. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. 

ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს.

აღსანიშნავია, რომ გიგი უგულავასთვის და ვანო მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, პროკურატურას სასამართლოსთვის არ მიუმართავს. ყოფილ მერს უკვე შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა. ხოლო, ენმ-ის გენერალურ მდივანს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე თვის წინ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 28 ივლისს მიეცა. მთავარი პროკურატურის განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას". მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალი წაუყენეს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს და თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას. მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები