საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში

წინასწარი შედეგებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანმა გაიმარჯვა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

წინასწარი შედეგებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გაიმარჯვა.

ამ დროისთვის ხმების დათვლა ქვეყნის მასშტაბით თითქმის დასრულებულია და ერდოღანი 52%-ით ლიდერობს. მისმა მეტოქეებმა - ექმელედინ ისანოღლუმ 38%, ხოლო სელათინ დემირიტასმა სახალხო დემოკრატიული პარტიიდან ხმების მხოლოდ 9% მიიღო.

60 წლის ერდოღანი არჩევნებამდე ამბობდა, რომ თუ ის გაიმარჯვებდა,  პრეზიდენტის აქამდე უფრო ცერემონიული ხასიათის უფლებამოსილებებს გააძლიერებდა. ოპონენტები კი აღნიშნავენ, რომ ერდოღანის გამარჯვებით ქვეყანაში ავტოკრატია დამყარდება.

ერდოღანის თქმით, ახალი პრემიერმინისტრის ვინაობა საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ გაირკვევა.

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი თურქეთის პრემიერმინისტრი 2003 წლიდან იყო. მას გამარჯვებისთვის 50%+1 ხმა სჭირდებოდა, რათა მეორე ტური თავიდან აეცილებინა.

თურქეთში საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით დილის 8 საათიდან გაიხსნა და ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიხურა. მოქალაქეებმა, პირველად ქვეყნის ისტორიაში, პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიეს. არჩევნებში 53 მილიონი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

კომენტარები