მიხეილ სააკაშვილის საქმე

გაბაშვილი: ყველა მთავრობა გამოადნობს წინა მთავრობის 8 მილიონზე მეტ ხარჯს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ახალი ბრალი არასერიოზული და სასაცილოა. მისი განცხადებით, "ყველა მომდევნო მთავრობა თუ დააჯამებს წინა მთავრობის წარმომადგენლობით ხარჯებს, გარწმუნებთ, გამოადნობს 8 მილიონზე ბევრად მეტს, რადგან ეს არის ბუნებრივი ხარჯები". გაბაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ "მთავრობა, რომელმაც დაახლოებით ერთი მილიარდით გაარღვია ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი, რომელმაც მილიარდ ოთხასი მილიონი ახალი ვალი აიღო, სამი მილიარდი მოაკლო ქვეყნის ეკონომიკას და 138 მილიონზე მეტი გადახარჯა პრემიებსა და ხელფასებზე, ედავება ყოფილ პრეზიდენტს ბოლო წლების დაჯამებულ წარმომადგენლობით ხარჯებს". მისი განცხადებით, ნებისმიერ პრეზიდენტს და სახელმწიფო მეთაურს აქვს ხარჯი.

"ყველას კარგად გვახსოვს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იყო ძალიან აქტიური საერთაშორისო ასპარეზზე, დაწყებული საინვესტიციო პროექტებით, დამთავრებული არაღიარების პოლიტიკით. ის პირადად ჩადიოდა არაერთ ქვეყანაში და არაერთი დელეგაცია დაჰყავდა თან. ამ ტიპის ბრალდებებზე ერთგვარი პასუხი უკვე გასცა ბატონმა იუშჩენკომ, როცა ერთი ქილა თაფლი და აბანოს ჩუსტები გამოუგზავნა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. ნებისმიერ პრეზიდენტს აქვს ხარჯები, იქნება ეს მასაჟისტი, ორთოპედი, სტომატოლოგი, ჩაცმა, პრეზენტაცია, ბანკეტი, სუფრა თუ მიღება. მთავრობა, რომლის ფინანსთა მინისტრი ხადური თითო სუფრაში იხდის 30 000 ლარს, რომლის სამინისტროებიც იხდიან 200 000 ლარს თითო ბანკეტში, ასე თავხედურად დგას და პრეზიდენტ სააკაშვილის ხუთი წლის ხარჯებს აჯამებს და ყველა წარმომადგენლობითი ხარჯი შიგნით შეჰყავს. ასე რომ ჩამოთვლი, ვითომ ეფექტურად ჟღერს, მაგრამ ნებისმიერ მთავრობას აქვს ასეთი ხარჯები. მაგალითისთვის, ამოიღონ ინფორმაცია საქართველოს დელეგაციაზე, რომელიც ჩავიდა ბრიუსელში და ტორტზე მოაწერა ხელი. გარწმუნებთ, მთავრობის წევრები იქ არ წასულან ველოსიპედით, ისინი გაფრინდნენ თვითმფრინავით, ისინი ჩავიდნენ სასტუმროებში და ის არ იყო ერთვარსკვლავიანი, იყვნენ ნორმალურ სასტუმროში და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, მათ მოემსახურათ ლიმუზინები, იმიტომ, რომ ავტობუსებით არ მისულან ევროსაბჭოს ოფისში ხელმოსაწერად, მათ ხელმოწერის შემდეგ ჰქონდათ ბანკეტი და ასეც უნდა ყოფილიყო. მათ ალბათ ჰქონდათ მიღებაც და თუ არ ჰქონდა, კარგი იქნებოდა, ჰქონოდა. მათ უნდა გაემართათ კონცერტი, სადაც დაპატიჟებდნენ პარტნიორებს, ისინი მიულოცავდნენ ხელმოწერას და ესენი მადლობას გადაუხდიდნენ", - აცხადებს გაბაშვილი და აღნიშნავს, რომ ეს არის ბუნებრივი ხარჯები.

"ამ ხარჯებზე თუ წაუყენა ბრალი მომდევნო მთავრობამ ამ მთავრობას, აღმოჩნდება, რომ ეს მთავრობა წევრებისგან კი არ შედგება, არამედ, მოსიარულე სისხლის სამართლის მუხლები არიან ყველა. ეს ემსახურება იმას, რომ რაც კი რამე უთქვამთ სააკაშვილზე, რაც კი დაბეჭდილა ყვითელ პრესაში, ახლა გადადის პროკურატურის ბრალებში. ჯანაშიათი აწყებული, ყველა ვინც იყო სააკაშვილის გარშემო, მზარეული, მძღოლი, ყველა დაკითხეს, ყველა არის დევნის ქვეშ. ყველა მომდევნო მთავრობა თუ დააჯამებს წინა მთავრობის წარმომადგენლობით ხარჯებს, გარწმუნებთ, გამოადნობს 8 მილიონზე ბევრად მეტს, რადგან ეს არის ბუნებრივი ხარჯები. ასეთია მთავრობის, ხელისუფლების მუშაობის წესი, მათ აქვთ ვიზიტები, შეხვედრები, ზოგჯერ მიდიან რესტორნებში, პატიჟებენ ინვესტორებს, ასეა ცხოვრება, მაგრამ ამავე დროს, მაშინ კეთდებოდა საქმე და ახლა, არის მილიარდით გარღვეული ბიუჯეტი, სამი მილიარდით შემცირებული ეკონომიკა. ეს არის პირველი წელი, როცა არ გაზრდილა პენსიები და პირველი წელი, როდესაც ინფრასტრუქტურული პროექტები არ განხორციელებულა. ამის ფონზე, როცა პრეზიდენტ სააკაშვილს აქტიურობისთვის წარუდგინეს ბრალი, არის მართლა სასაცილო", - აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.

პროკურატურამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ 8 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვისთვის ბრალის დადგენილება გამოიტანა. ექსპრეზიდენტთან ერთად ბრალი წარედგინა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიასაც. პროკურატურამ წარმოადგინა უცხოეთში ვიზიტებისას ყოფილი პრეზიდენტის სასტუმროების, სტილისტების, მასაჟისტის, მზარეულის მომსახურების, ავტომანქანების, ვერტმფრენის, იახტის, ველოსიპედების დაქირავების ხარჯი. ასევე, პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა შვიდი პიჯაკი, 1 ქაშმირის პალტო, ორი კოსტიუმი და ათი მაჯის საათი იყიდა.

კომენტარები