საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქოს და თავდაცვის სამინისტროს შეთანხმება ზნეობრივი განმტკიცებისთვის

Facebook.com

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოაწერეს.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, "შეთანხმება სულიერი, ზნეობრივი და მამულიშვილური საწყისების განმტკიცებას, სამშობლოს წინაშე სამხედრო ვალდებულების კიდევ უფრო ღრმად გააზრებას, სამხედრო პატრიოტული სულის აღორძინებასა და განმტკიცებას ითვალისწინებს". უწყებაში აღნიშნავენ, რომ "მხარეთა შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სარწმუნოებრივი შემწყნარებლობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდას".

გარდა ამისა, "მემორანდუმი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო-სასწავლო დაწესებულებებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, ასევე დაჭრილ და ტრავმირებულ სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცის კუთხით ღვთისმსახურთა დახმარებას გულისხმობს".

როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა, "ბედნიერები ვართ, რომ პატრიარქმა ასეთი მაღალი ნდობა, მხარდაჭერა და სიყვარული გამოავლინა საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ". მინისტრის თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალებს ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, დღევანდელი გაფორმებული მემორანდუმი კი ორი ინსტიტუციის ურთიერთობას ძალიან მყარ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს.

"ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ პატრიარქმა თავის ქადაგებაში ჯარზე ილაპარაკა, დალოცა ჯარი. იცით, რომ ჩვენ ძალიან ძლიერი სამხედრო მოძღვრების ინსტიტუტი გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის. საერთაშორისო მისიებშიც ყოველთვის სამხედრო მოძღვრები მიყვებიან ჩვენს სამხედროებს და ეს ძალიან სჭირდება მათ სილიერი სიმტკიცისთვის. იცით, რომ მეომარს, ვაჟკაც ჯარისკაცს აუცილებელია ჰქონდეს ძლიერი რწმენა, რომ ერთგულად ემსახუროს თავის ქვეყანას და თავის ხალხს. ამიტომ ამის სამართლებრივი დარეგულირება მოხდა დღეს ამ შეთანხმებით და ძალიან ბედნიერები ვართ ყველანი, გენერალიტეტით დაწყებული ჩვეულებრივი ჯარისკაცით დამთავრებული, რომ პატრიარქმა ასეთი მაღალი ნდობა, მხარდაჭერა და სიყვარული გამოავლინა საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. 

კომენტარები