მოდელირებული ქრონიკა

ჟურნალისტი ეკა წამალაშვილი დაკითხვაზე იმყოფება

ტელეკომპანია იმედის ყოფილ თანამშრომელს ეკა წამალაშვილს პროკურატურაში კითხავენ. წამალაშვილი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატ გოგიტა გაბაიძესთან ერთად მივიდა. პროკურატურას ჟურნალისტთან კითხვები მოდელირებულ ქრონიკასთან დაკავშირებით აქვს, თუმცა, უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა საქმის ფარგლებში მიმდინარეობს გამოძიება. როგორც წამალაშვილმა დაკითხვაზე შესვლის წინ თქვა, მას ოფიციალური უწყება არ მისვლია.

"დამირეკეს და მითხრეს, რომ მთავარ პროკურატურაში აქვთ ჩემთან შეკითხვები, სურთ გასაუბრება მოდელირებული ქრონიკის გარშემო და მაშინ, საქართველოს გარეთ, გაურკვეველ საიტზე ატვირთულ გაურკვეველ ჩანაწერთან დაკავშირებით. მაინტერესებს, რას ეხება ეს შეკითხვები და მოვედი", - თქვა ჟურნალისტმა.

ეკა წამალაშვილი პროკურატურაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეურაცხმყოფელი მაისურით მივიდა.

"ეს მაისური მაცვია იმიტომ, რომ ჟურნალისტების დაბარება ხდება პუტინის რუსეთში. მე არ მინდა და მწყინს, როცა ვხედავ, რომ ჩემი სამშობლო ემსგავსება პუტინის რუსეთის ფილიალს და ამის გასაპროტესტებლად მოვედი ამ მაისურით. ეს არის ჩემი პროტესტი, რომ ჩემი სამშობლო არ დაემსგავსოს პუტინის რუსეთს და ჟურნალისტებმა არ იარონ საგამოძიებო უწყებებში. ამიტომ გადავუხადე ბიძინა ივანიშვილსაც მადლობა, რადგან ჩავთვალე, რომ ჩემი დაბარება არის ერთგვარი დაბარება რიტორიკის გადაწყობის გაკვეთილზე", - განაცხადა წამალაშვილმა.

2010 წლის 13 მარტს საღამოს რვა საათზე ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემა სპეციალურ რეპორტაჟში, მოდელირებული საინფორმაციო გამოშვება ქრონიკა გავიდა, რომელშიც დამონტაჟებული იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში მომხდარ მოვლენათა კადრები. მათი ეთერში ჩვენების პარალელურად, წამყვანი ლაშა ხარაზიშვილი აცხადებდა, რომ ოკუპირებული ახალგორის რაიონში დისლოცირებულმა რუსეთის რეგულარული არმიის დაჯგუფებამ და სატანკო ბატალიონმა სრული სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა. საინფორმაციო გამოშვებას არ ჰქონდა ტიტრი იმის შესახებ, რომ ეთერში მოდელირებული გადაცემა გადიოდა. 

იმიტირებული გადაცემის ეთერში გასვლიდან რამდენიმე დღეში რუსულ საიტ www.Copoka.net-ზე გიორგი არველაძისა და ეკა წამალაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერები გავრცელდა. ჩანაწერის მიხედვით, ეკა წამალაშვილი არველაძეს ეუბნება, რომ სჯობს, გადაცემას ჰქონდეს ტიტრი იმის შესახებ, რომ ის მოდელირებულია - რაზეც არველაძე წამალაშვილს არ დაეთანხმა. 

კომენტარები