NDI-ის კვლევა

NDI: 63%-ის აზრით, უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოკითხულთა 16%-ის აზრით, უმცირესობების უფლებების დაცვა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო 47%-ის შეფასებით - "მნიშვნელოვანია". კვლევაში მონაწილეთა 19% ნეიტრალურია ამ საკითხის მიმართ, 4% მიიჩნევს, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა უმნიშვნელოა, ხოლო 2%-ის აზრით, სრულიად უმნიშვნელოა.

აღსანიშნავია, რომ აპრილთან შედარებით, გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც მნიშვნელოვნად თვლის უმცირესობების უფლებების დაცვას, ხოლო შემცირდა იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვისაც ეს საკითხი უმნიშვნელოდ მიაჩნდა. კერძოდ, აპრილში, ჯამში, 62% თვლიდა მნიშვნელოვნად უმცირესობების უფლებების დაცვას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ხოლო 9% - უმნიშვნელოდ. 

ამასთან, გამოკითხულთა ყველაზე დიდი რაოდენობა თელავში (75%), მცხეთაში (74%) თბილისსა (67%) და ფოთში (65%) მიიჩნევს უმცირესობათა უფლებებს მნიშვნელოვნად, ხოლო ყველაზე ნაკლები - ბათუმსა (43%) და გორში (54%).

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 2014 წლის 23 ივლისი-7 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 3338 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარია +-2.9%.

კომენტარები