თბილისის ბიუჯეტი

საკრებულოს ენმ-ის ფრაქციები: დავით ნარმანიას ძალიან მოკლე მეხსიერება აქვს

timer.ge

საკრებულოს ფრაქციების - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ნაციონალური მოძრაობა-თბილისის განცხადებით, "დავით ნარმანიას, როგორც ჩანს, ძალიან მოკლე მეხსიერება გააჩნია". საკრებულოს უმცირესობა თბილისის მერს ურჩევს, გაეცნოს ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს, რომელიც სრულად შუქდებოდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. ენმ-ის ფრაქციები დავით ნარმანიას განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც, წინა მთავრობამ არარეალურად მაღალი ბიუჯეტი დაგეგმა.

"ეს ბიუჯეტი შეადგინა სწორედ ქართული ოცნების საკრებულოს უმრავლესობამ ინფრასტურქტურისა და რეგიონალური მართვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით, რაც ყველაზე სამარცხვინო ლაქაა დედაქალაქის ისტორიაში. სწორედ ქართული ოცნების გადაწყვეტილებით იქნა გათვალისწინებული რაიონული გამგეობების ბიუჯეტში მნიშვნელოვნად შემცირებული თანხები მოსახლეობის სოციალური და ბინათმესაკუთრეათა ამხანაგობების დაფინასებისთვის. მაგალითად, ჯამურად ათივე გამგეობის სოციალური ბიუჯეტი ქართული ოცნების გადაწყვეტილებით 3 650 000 ლარით განისაზღვრა, მაშინ როდესაც ეს ბიუჯეტი 2013 წელს შეადგენდა 13 068 000 ლარს. რაც შეეხება, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, რომელსაც იგი არარეალურად მაღალს უწოდებს, ასევე გვინდა მივუთითოთ, რომ განცხადების გაკეთებამდე კონსულტაცია გაიაროს საფინანსო სამსახურის უფროსთან მაინც, რომელიც დაუდასტურებდა, რომ 6 თვის განმავალობაში ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შესრულდა 107 %-ით ანუ გადაჭარბებით, კერძოდ, დაგეგმილი 352 202 000 ლარის ნაცვლად, თბილისის მთავრობის ძველმა შემადგენლობამ ამოიღო 377 734 700", - ნათქვამია ენმ-ის ფრაქციების განცხადებაში.

საკრებულოს უმცირესობა თბილისის მერს ასევე ახსენებს, რომ "საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე თბილისს გათანაბრებითი ტრანსფერი შეუმცირდა 50 მილიონი ლარით, რომელსაც მინისტრი ნარმანია მოწონებით შეხვდა". ფრაქციების განცხადებით, "ზემოაღნიშნული ნათლად მიუთითებს, რომ ამჟამად თბილისის მერი ნარმანია არ იწონებს საკუთარ და მისი გუნდის გადაწყვეტილებებს, რაც ნამდვილად დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელი პოზიციაა".

ფრაქციები - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ნაციონალური მოძრაობა-თბილისი "სხვის პასუხისმგებლობაზე უაზრო, დაუსაბუთებელი საუბრის ნაცვლად", მოუწოდებენ თბილისის მთავრობას, იყოს თანმიმდევრული და პრინციპული თბილისელების ინტერესების დაცვაში.

"25 მილიონი ლარის სესხის სახით აღების მაგივრად, მოსთხოვოს ფინანსთა მინისტრს, აღუდგინოს დედაქალაქს მისი კუთვნილი ტრანსფერი, რაც კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელების შესაძლებლობას გააჩენს", - ნათქვამია განცხადებაში.

დედაქალაქის ბიუჯეტში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. აღნიშნულ საკითხზე თბილისის მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. დავით ნარმანიას თქმით, ბიუჯეტში დაახლოებით 25 მილიონი ლარის დეფიციტია, რაც დედაქალაქის წინა მთავრობის მიერ საბიუჯეტო თანხების არასწორმა ხარჯვამ განაპირობა. თბილისის მერმა საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს პროგრამული ბიუჯეტის დოკუმენტის მომზადებაც დაავალა. ნარმანიას თქმით, პრიორიტეტი სოციალური სფერო იქნება. ნარმანია საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური მთავრობისგან სესხის აღებასაც არ გამორიცხავს. 

თბილისის მერის განცხადებით, თბილისის 2014 წლის ბიუჯეტი არასწორად იყო დაგეგმილი. ნარმანიას შეფასებით, არარეალურად მაღალია ქონების გადასახადის და პრივატიზაციის შედეგად მისაღები შემოსავლების მოცულობა, რისი მობილიზებაც ქალაქის ყოფილმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა.

კომენტარები