უკრაინის კრიზისი

ფანჯიკიძემ კლიმკინს უკრაინელი ბავშვების ჩამოყვანის ინიციატივა გააცნო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესა და მის უკრაინელ კოლეგას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ საუბრის დროს ფანჯიკიძემ კლიმკინს გააცნო საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივა საქართველოში უკრაინელი ბავშვების ჩამოყვანისა და მათთვის დასასვენებელ-სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ სატელეფონო საუბრამდე 3 კვირით ადრე, ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ხელისუფლებას აღმოსავლეთ რეგიონებიდან ევაკუირებული ბავშვების საქართველოში ჩამოყვანა შესთავაზა. მოგვიანებით ჯაფარიძის ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. ბესელიას აზრით ენმ-ის ინიციატივა პოლიტიკური სპეკულაცია იყო.

"ბავშვების თემა, ზოგადად, და ჰუმანიტარული ტიპის აქციების განხორციელება არ შეიძლება იყოს პოლიტიკური დემაგოგიის ან პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. ეს ყოველთვის უნდა იყოს თავისუფალი ასეთი შინაარსისგან. მესმის ძალიან კარგად, როცა ნაციონალური მოძრაობა ამ ტიპის თემებზე აკეთებს აქცენტს. ამაში გულწრფელობა კი არ არის, არამედ წმინდა პოლიტიკური ხასიათის კონტექსტია", - აცხადებდა ბესელია.

კომენტარები