დაჩი დარჩიას მკვლელობა

ბესელია ცილისწამებისთვის მედიას სასამართლოში უჩივლებს

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სასამართლოში იმ მედიის წარმომადგენლებს უჩივლებს, რომლებმაც მისი შვილის სახელი Sky Bar-ის დიჯეის, დაჩი დარჩიას მკვლელობის საქმეს დაუკავშირეს. 

"ამ ქვეყანაში მე მავალია ადამიანის უფლებების დაცვა. იმ ადამიანებს შორის, ვისი უფლებების დაცვაც მავალია, არის მოქალაქე რატი მილორავა. ის არის ადამიანი, რომელმაც ბევრი ტრავმა მიიღო ჩემ გამო და საკმარისია მის მიმართ ასეთი ფსიქოლოგიური შეტევების განხორციელება. არაფერია აქ თავის სამართლებელი. ის თბილისში არ ყოფილა თვეზე მეტია, რამდენიმე თვეა, საერთოდ არ ჩამოსულა. კონკრეტული ბოლო კვირა აჭარაში იყო. თბილისში არ იყო.

მიკვირს, რომ ტელევიზიის დონეზეც მოექცა, ორღობის ჭორის დონეზე გავრცელებული მეზღაპრეობა. მე მაქვს მარტივი პასუხი. იმ ყველა პასკვილის გამო, როგორიცაა საქართველოს ერთი მოქალაქის, ამ ახალგაზრდა ბიჭის მიმართ მიყენებული შეურაცხყოფა და ცილისწამება, ამისთვის ნამდვილად სასამართლოში მიბრძანდებიან და იქ აგებენ პასუხს. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება და მიმაჩნია, რომ ამით უნდა დამკვიდრდეს ელემენტარული პასუხისმგებლობა იმ ადამიანების, ვინც თავის თავს მედიის ნაწილს უწოდებს და თავს უფლებას აძლევს მათ მიერ გამოგონილი ვერსიით, ზღაპრებით და ტყუილით, ბინძური ცილისწამებით, ადამიანებს მიაყენონ ფსიქოლოგიური ტრავმა. ეს არის ჩემი პასუხი, დანარჩენი სასამართლოში აუცილებლად მიბრძანდებიან და იქ აგებს პასუხს ყველა, ვინც ამ სიბინძურეს ამ დღეებში წერდა", - თქვა ბესელიამ.

დიჯეი დაჩი დარჩია 30 აგვისტოს, ავლაბარში, Sky Bar-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის ადგილას ეკა ბესელიას შვილი რატი მილორავაც იმყოფებოდა. 

კომენტარები