უკრაინის კრიზისი

ობამა NATO-ს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ მოუწოდებს

Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა ესტონეთში ვიზიტისას NATO-ს მოუწოდა, უკრაინასთან ერთად საქართველოს და მოლდოვას თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში დაეხმაროს. ბარაკ ობამას თქმთ, ალიანსმა ბევრი უნდა გააკეთოს თავისი პარტნიორების გასაძლიერებლად. მან ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ბალტიის ქვეყნებში საკუთარ სამხედროებს განათავსებს. ესტონეთში ამერიკული ავიაციის განლაგებისა და დაგეგმილი წვრთნების შესახებ ტალინში ვიზიტით ჩასულმა ბარაკ ობამამ ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"აქ ჩამოვედი პირველ რიგში იმის გამო, რომ დავადასტურო შეერთებული შტატების ვალდებულებები ესტონეთის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. როგორც NATO-ს წევრები, ჩვენ კოლექტიური თავდაცვის შესახებ მე-5 მუხლის ერთგულები ვართ. დღეს მე შემიძლია განვაცხადო ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც მოიცავს სამხედრო ავიაციის განლაგებას ჩრდილოეთ ბალტიის რეგიონში და ამისთვის საუკეთესო ადგილი აქ, ესტონეთში, ამარის ავიაბაზაა... ეს არის ურღვევი, უდრეკი და უცვლელი. ესტონეთი არასდროს იდგება მარტო", - განაცხადა ობამამ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ NATO-ს წევრმა ყველა სახელმწიფომ უნდა შეასრულოს დაპირებები და თავდაცვისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% მაინც გაიღოს, რათა ხელი შეუწყოს ალიანსს. დღეს ამ დადგენილ მინიმუმს მხოლოდ ოთხი ქვეყანა ასრულებს და მათ შორის არის ესტონეთი.

ობამამ რუსეთის ქმედებები უკრაინაში აგრესიად მოიხსენია, რომელიც ნაციონალისტური გრძნობებით იმართება. ობამას შეფასებით, ეს ისტორიულად ძალიან საშიში იყო. მისი თქმით, რუსეთი ამ აგრესიისთვის მძიმე საფასურს გადაიხდის.

ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰედრიკ ილვესმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ NATO და ევროკავშირი უკრაინის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას გაზრდიან.

ილვესმა ასევე ხაზი გაუსვა ევროპის უსაფრთხოებაში უკრაინის კრიზისის მნიშვნელობას.

"ამ სიტუაციაში ჩვენ უნდა ვიყოთ მკაფიო და თანმიმდევრულები, თუ რა ტერმინებს გამოვიყენებთ მოვლენების შესაფასებლად. როგორც ევრიკავშირმა განაცხადა, ეს არის რუსული აგრესია. ევროკავშირი და აშშ მზად არიან, შემდგომი სადამსჯელო ღონისძიებები გაატარონ და გასცენ პასუხი რუსეთის ქმედებებს. რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ ის არის კონფლიქტის მხარე და გადადგას ჭეშმარიტი ნაბიჯები, რომლებიც კონფლიქტის დეესკალაციას გამოიწვევს", - განაცხადა ილვესმა.

პრეზიდენტი ობამა ტალინს 3 სექტემბერს, გამთენიისას ეწვია. ესტონეთიდან ის NATO-ს უელსის სამიტზე გაემგზავრება.

კომენტარები