რუსეთ-უკრაინის ომი

ობამა: ერთ მოკავშირეზე თავდასხმა, ყველაზე თავდასხმას ნიშნავს

“მეხუთე პარაგრაფი ცხადია. ერთ მოკავშირეზე თავდასხმა, ყველაზე თავდასხმას ნიშნავს. ასე რომ, თუ ასეთ ვითარებაში ვინმე იკითხავს - ვინ მოვა საშველად?! თქვენ გეცოდინებათ პასუხი - NATO-ს ალიანსი, რომელიც შეიცავს ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს, სწორედ აქ, დღეს, ახლა“, - ეს განცხადება პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოთხშაბათს, ტალინში ვიზიტისას, ნორდეას საკონცერტო დარბაზში, ესტონელი ხალხისადმი მიმართვისას გააკეთა.

ობამას განცხადებით, ბალტიისპირეთი აჩვენებს მსოფლიოს, რა არის შესაძლებელი, როდესაც სამი თავისუფალი ერი ერთად დგება ცვლილებისთვის. მისი თქმით, ხალხი, რომელიც დემოკრატიის აშენებას ცდილობს კიევიდან ტუნისამდე, სწორედ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან იღებს შთაგონებას.

ობამამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის თავხედური თავდასხმა სუვერენულ სახელმწიფოზე იმ დემოკრატიულ ხედვას უქმნის საფრთხეს, რომელზეც დასავლური სახელმწიფოები დგანან.

”დღეს, როდესაც ჩვენ აქ ვართ შეკრებილნი, რუსეთის აგრესია უკრაინაში საფრთხეს უქმნის ამ ხედვას. ეს არის თავხედური თავდასხმა უკრაინის, სუვერენული და დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. ეს გამოწვევაა საერთაშორისო სისტემის უმთავრესი პრინციპებისადმი, რომელიც გულისხმობს, რომ საზღვრები არ შეიძლება იარაღის ძალით შეიცვალოს და რომ ერებს საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება აქვთ. რუსეთის ქმედებები ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგს, სადაც ხალხებისა და სახელმწიფოების უფლებები გარანტირებულია და არ შეიძლება ძალით იქნას წართმეული. სწორედ ეს დგას საფრთხის ქვეშ უკრაინაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ობამას თქმით, წერტილი უნდა დაესვას დამახინჯებულ და ვადაგასულ მოსაზრებებს, რომლებმაც კრიზისი გამოიწვია. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ NATO არ არის მიმართული რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის დემოკრატიული ქვეყნების ალიანსი, რომლებიც საკუთარ კოლექტიურ თავდაცვაზე არიან ორიენტირებულნი.

„პროტესტი მაიდანზე არ იყო წარმართული ნეონაცისტების ან ფაშისტების მიერ. ამ პროტესტს თავში ჩვეულებრივი უკრაინელები ედგნენ - კაცები და ქალები, მოხუცები და ახალგაზრდები, რომელნიც დაიღალნენ კორუმპირებული რეჟიმით და რომელთაც სურდათ გაეზიარებინათ ის პროგრესი და კეთილდღეობა, რომელსაც დანარჩენ ევროპაში ხედავენ“, - განაცხადა ობამამ.

ობამამ ასევე უარყო რუსეთის ბრალდებები უკრაინის ხელისუფლებისადმი, თითქოს სწორედ მათ მიუძღვით წვლილი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში.

„კიევის ხელისუფლებას არ მოუხდენია აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაცია. ეს იყვნენ პრორუსი სეპარატისტები, რომლებიც რუსეთმა წააქეზა, დააფინანსა, გაწვრთნა, მომარაგა და შეაიარაღა. რუსული შეიარაღებული ძალები, რომლებმაც უკრაინაში გადაინაცვლეს, არ წარმოადგენენ ჰუმანიტარულ ან სამშვიდობო მისიებს. ისინი რუსული საბრძოლო ძალები არიან, რუსული შეიარაღებითა და ტანკებით. ეს უდავო ფაქტებია, რომელთა დამტკიცება შეიძლება“.

ობამამ ასევე ახსენა რუსული პროპაგანდა, რომელსაც, მისი თქმით, შეცდომაში შეჰყავს საკუთარი მოქალაქეები.

„სახელმწიფო პროპაგანდის შედეგად, უამრავი რუსი მოტყუვდა, რომ მათი მთავრობის ქმედებები აძლიერებს რუსეთს. მაგრამ ცარისტულ პერიოდში გადასვლა, მოთხოვნა მიწებისა, რომელიც "დაიკარგა“ მე-19 საუკუნეში, ნამდვილად არ არის გზა, რომელიც რუსეთის სიდიადეს დაიცავს 21-ე საუკუნეში. ეს მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ დაუოკებელი ნაციონალიზმი უკანასკნელი თავშესაფარია მისთვის, ვინც არ, ან ვერ, აღწევს ქვეყნის შიგნით ჭეშმარიტ პროგრესსა და შესაძლებლობებს საკუთარი ხალხისთვის“.

მისი განცხადებით, აშშ-ის, გაეროს და მათი პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციები რუსეთს ასუსტებს. თუმცა, რუსეთის ქმედებები თავად რუს ხალხს უთხრის ძირს.

ობამას თქმით, დასავლეთის ინტერესში არ არის რუსეთის დასუსტება. ის მიესალმება ძლიერ რუსეთს, რომელსაც წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში და კონფლიქტებს დიპლომატიური გზით აგვარებს. თუმცა, პრეზიდენტმა პუტინმა არაფრად ჩააგდო შესაძლებლობა, რომ უკრაინის კრიზისი დიპლომატიურად გადაწყვეტილიყო.

ობამას თქმით, NATO დაიცავს უკლებლივ ყველა მოკავშირეს და მათ ტერიტორიულ მთლიანობას. ტალინის, რიგისა და ვილნიუსის დაცვა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ბერლინის, პარიზისა და ლონდონის. მისი თქმით, აშშ ასევე განაგრძობს უკრაინის დახმარებას ყველა სფეროში.

“დღეს უკრაინას სჭირდება მეტი, ვიდრე ცარიელი სიტყვებია. NATO-მ კონკრეტული ვალდებულებები უნდა აიღოს, რათა დაეხმაროს უკრაინას მოდერნიზებასა და თავდაცვითი ძალების გაძლიერებაში. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ NATO-ს პარტნიორებს, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, რომ მათაც გააძლიერონ თავდაცვა. ჩვენ ახლიდან უნდა გავუსვათ ხაზი პრინციპს, რომელიც მუდამ უკვალავდა გზას ალიანსს - ქვეყნებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩვენს სტანდარტებს და რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი კონტრიბუციის შეტანა კოლექტიურ უსაფრთხოებაში, NATO-ს კარი ყოველთვის ღიაა“, - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

კომენტარები