ISIS

არაბული ლიგა ისლამისტ ექსტრემისტებს უპირისპირდება

კვირას, 7 სექტემბერს, არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ერაყისა და სირიის “ისლამური სახელმწიფოს”(ISIS) წინააღმდეგ ყველა საჭირო ზომა უნდა მიიღონ. ისინი ასევე ითანამშრომლებენ საერთაშორისო, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე, სირიასა და ერაყში განთავსებული ექსტრემისტების წინააღმდეგ.

საბოლოო განცხადებაში არაბული ლიგის ქვეყნებმა დადებითად შეაფასეს გაეროს უშიშროების საბჭოს წინა თვის რეზოლუცია, რომელიც შეეხებოდა აქტიური ზომების მიღებას ერაყსა და სირიაში ისლამისტი ექსტრემისტებისთვის მებრძოლების, დაფინანსებისა და სხვა ტიპის მხარდაჭერის შეჩერების მიზნით.

დიპლომატიური წყაროების ცნობით, კონფერენციის ოფიციალურად გახსნამდე არაბმა ლიდერებმა დადებითად შეაფასეს ISIS-ის წინააღმდეგ აშშ-ის საჰაერო კამპანია. ეგვიპტის ოფიციალური MENA News-ის ცნობით, ლიდერები აშშ-თან თანამშრომლობისთვის მზად არიან.

მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციის ოფიციალურ დეკლარაციაში ISIS-ის წინააღმდეგ აშშ-ის ან ერაყის მხარდაჭერაზე ღიად საუბარი არ არის, დიპლომატიური წყაროები იუწყებიან, რომ საკითხის ფორმულირება შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც ვაშინგტონის ოპერაციებზე არაბული ლიგის ქვეყნების უსიტყვო თანხმობა.

არაბული ლიგის გენერალური მდივნის ნაბი ალ-არაბის განცხადებით, ერაყში ექსტრემისტების გაძლიერება საფრთხეს არა მხოლოდ ქვეყნის ხელისუფლებას, არამედ სხვა სახელმწიფოების არსებობასაც უქმნის. სესიაზე ნაბი ალ-არაბმა მოკავშირეებს ტერორიზმთან სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული გზით გამკლავების მიზნით გადამწყვეტი რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდა.

ალ-არაბის წინადადებით, ექსტრემისტების წინააღმდეგ, არაბული ლიგის ერთობლივი თავდაცვითი პაქტის ეგიდით, შესაძლოა სამხედრო ოპერაცია განხორციელდეს.

კომენტარები