ბარბარე რაფალიანცის საქმე

ვაშაძე რაფალიანცის საქმეზე: ამით პოლიტიკურად ისარგებლა ქართულმა ოცნებამ

BPN.GE

ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ბარბარე რაფალიანცის საქმით ქართულმა ოცნებამ პოლიტიკურად ისარგებლა. მისი თქმით, ამ საქმეში წინსვლა არ არის და სწორედ ამიტომ ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას.

"პირად პასუხისმგებლობაზე აღებული საქმე ისევ გამოუძიებელია და გვახსოვს, როგორ აიღო ღარიბაშვილმა თავის პასუხისმგებლობაზე. ეს საქმე შედგება ორი კომპონენტისგან. ვინ ჩაიდინა ეს ქმედება, როგორ აღმოჩნდა ბავშვი ქვევრში, როგორ მოხდა ამ დანაშაულის ჩადენა, მაგრამ მეორე, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით. 2012 წლის 1-ლ ოქტომბერს ქართული ოცნების წარმომადგენლები იდგნენ და ამბობდნენ, რომ "ბავშვის მკვლელებს არ მისცეთ ხმა". თუ ვინმემ პოლიტიკურად ისარგებლა, სამწუხაროდ, ამით ისარგებლა ქართულმა ოცნებამ. სამწუხაროა პრემიერის მხრიდან საუბარი 25 დღეზე. 2 წელი გავიდა და არანაირი წინსვლა ამ საქმეში არ არის. გარდა იმისა, რომ ახალი ფაქტები ირკვევა ადვოკატის მხრიდან. ამიტომ ვითხოვთ ჩვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას", - აღნიშნა ვაშაძემ.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,"ეს შემთხვევა მოხდა ნაციონალების დროს, მათ ჰქონდათ 25 დღე გამოძიებისთვის. როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, გამოძიება ჩიხში იყო შეყვანილი. როცა უნდა მოხდეს ცხელ კვალზე გასვლა, მაშინ არაფერი გააკეთეს. დღეს, ორი წლის შემდეგ, ამ უზნეო ადამიანების მიერ წამოწყებულ სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ".

კომენტარები