ისლამური სახელმწიფო

ბრძოლები თურქეთის საზღვართან გრძელდება

Reuters

ისლამური სახელმწიფოს ძალებმა თურქეთის საზღვართან მდებარე სირიის ქალაქ კობანეში და მის გარშემო, გასული ღამის განმავლობაში, წინ წაიწიეს და დამატებითი ტერიტორიები დაიკავეს. იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო კოალიციის ავიაცია მათ წინააღმდეგ ავიაიერიშებს აგრძელებს, თურქეთის ხელისუფლება კონფლიქტში ჩარევისგან კვლავაც თავს იკავებს, რაც ქურთების მასობრივი გამოსვლების და არეულობის მიზეზი გახდა, რა დროსაც 20-მდე ადამიანი დაიღუპა.

თურქეთი და NATO შექმნილ სიტუაციაზე რეაგირებას არ ჩქარობენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ანკარა ისლამისტების წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის მარტო დაწყებას არ აპირებს და ამ საკითხზე პარტნიორებთან მოლაპარაკებებს გამართავს. თურქეთში ყოფნისას NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაციის საკითხი მოლაპარაკებების თემაა, ალიანსი კი მზადაა, თურქეთს დაეხმაროს.

"მინდა ვთქვა, რომ არ არსებობს მარტივი გამოსავალი და საჭიროა ხანგრძლივი ძალისხმევა, რაც დროს მოთხოვს. პერსპექტივაში პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. NATO უკვე დაეხმარა თურქეთს, როდესაც 3 წლის წინ პატრიოტის ტიპის კომპლექსები მის ტერიტორიაზე განალაგა და ეს სოლიდარობის კონკრეტული მაგალითი იყო", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

კომენტარები