საავტომობილო გზა რუსეთთან

ხაინდრავა: ახალი გზის მშენებლობას აქვს რისკები, რაც შეფასდება სათანადოდ

ლევან ხერხეულიძე / liberali.ge

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ივლიანე ხაინდრავას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას არ მიუღია გადაწყვეტილება იმის თაობაზე, გააგრძელებს თუ არა ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობას. ამის შესახებ ხაინდრავამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა.

"ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რა შეიძლება მოხდეს ან რა შეიძლება არ მოხდეს იმის მიხედვით, რას დაინახავს ხელისუფლება - მეტ მოგებას თუ მეტ რისკს. რისკები არსებობს, გამოწვევები, საფრთხეები და ეს არ არის აუცილებლად ტანკებთან დაკავშირებული. შეიძლება ტეროროსტმაც, რადიკალმაც იმოძრაოს, შეიძლება მოხდეს იდეოლოგიების ექსპორტი, რაც არანაკლებ სახიფათოა და თეორიულად შეიძლება მივიღოთ მეორე პანკისის ხეობის ვითარება. ეს საფრთხეები შეფასდება სათანადოდ და შესაბამისად მიიღწევა გადაწყვეტილება. მე ჩამოვთვალე რამდენიმე რისკი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს იმ გზას თუ ის აშენდება, არამხოლოდ რუსული მხრიდან, არამედ თუ საქართველოს მხრიდან ექნება მას გაგრძელება. მაგრამ იმ ვითარებაში, როცა ორი სამხედრო ბაზაა, როცა როკის გვირაბს აკონტროლებს რუსეთი, ნუ ვიტყვით, რომ ის გზაა სწორედ მომაკვდინებელი საფრთხის მატარებელი. არის რისკები, ნაწილი ჩამოვთვალე, ნაწილი მირჩევნია, არ ვახსენო, იქნება აწონილ-დაწონილი, იქნება მიღებული გონივრული გადაწყვეტილება, ისეთი, როგორიც შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და საქართველოს უშიშროების საკითხს. სხვანაირ გადაწყვეტილებას მე ვერ ვხედავ" - განაცხადა ხაინდრავამ და გადაცემის წამყვანს კითხვაზე, "ქართულ მხარეს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, გააგრძელებს თუ არა ავარეთ-კახეთის გზაზე დაწყებულ მშენებლობას"?, უპასუხა, რომ "არა".

ცნობისთვის, საქართველოს რუსეთთან კიდევ ერთი გზის მონაკვეთი დააკავშირებს: დაღესტანში, აგვისტოს თვიდან ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც საქართველოსთან შემაერთებელი 83-კილომეტრიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. გზის გაყოლებაზე აშენდება 25 ხიდი და 5 გვირაბი. აღნიშნული ობიექტი მახაჩყალა-თბილისის 470-კილომეტრიანი საავტომობილო მარშრუტის პროექტის ნაწილია. ქართული მხარის განცხადებით, ეს რუსეთის ტერიტორიაა და სწორედ რუსეთის გადასაწყვეტია, რა ტიპის პროექტებს გააკეთებს თავის ტერიტორიაზე.

ავარეთ-კახეთის გზის აღდგენაში რუსეთის ინტერესები ჯერ კიდევ 2008 წელს გამოიკვეთა, როდესაც აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაღესტნის მთიანეთში არსებულ სამხედრო ბაზას ესტუმრა. პუტინს აინტერესებდა, რამდენად შეძლებდა სამხედრო აღჭურვილობა ამ მიმართულებით მოძრაობას და სამხედროებმაც დაარწმუნეს, რომ დაღესტნის მხრიდან საქართველოს მიმართულებით მძიმე ტექნიკა, მათ შორის, ტანკებიც უპრობლემოდ გაივლიდა. 

 

კომენტარები