აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

ვოლსკი: ვფიქრობ, რუსეთთან მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია

საპარალმენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია. მისივე თქმით, თედო ჯაფარიძის განცხადება ამ შემთხვევაში რადიკალური იყო, თუმცა ხელისუფლებამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროს.

"თედო ჯაფარიძემ, ვფიქრობ, უფრო რადიკალური განცხადება გააკეთა, მაგრამ ამ ეტაპზე უნდა ვიფიქროთ საქართველოს უსაფრთხოებაზე, რადგან პროცესები რუსეთის მიმართ დამოკიდებულებაში საკმაოდ  სტაბილურია და შეუქცევადი სახე მიიღო. აქედან გამომდინარე, როდესაც ვიცით, რომ რუსეთზე ზეგავლენისთვის რესურსი არსებობს და მუშაობს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფაზე. ვფიქრობ, მოლაპარაკებებს მაინც ალტერნატივა არ გააჩნია. არა მგონია, მოლაპარაკებების შეწყვეტით რუსეთი პოზიციას იცვლიდეს. მოლაპარაკების რესურსი კი სანამ გაგაჩნია, იქამდე მაქსიმალურად უნდა გამოიყენო”,-თქვა ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკიმ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე. წ. ხელშეკრულების პროექტიც შეაფასა, რომელიც ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ საერთო სამხედრო დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს. დაჯგუფების მიზანი აგრესიის შემთხვევაში აფხაზეთის დაცვა იქნება. საგანგებო სიტუაციის დროს მის სარდლობას რუსეთი დანიშნავს. ვოლსკის თქმით, ეს არის ფაქტობრივი ანექსია.

"ეს არის ფაქტობრივი ანექსია. ეს არის მოქმედება, როდესაც რუსეთი არა მარტო საფრთხის ქვეშ აყენებს ქართულ-რუსულ მოლაპარაკებას, საერთაშორისო ასპარეზზეც თავს წარმოაჩენს, როგორც ძალიან მძიმე შედეგების მოტანით დაინტერესებულ მხარეს. აფხაზური საზოგადოება პატარაა და ადვილად დასამორჩილებელი ჰგონია ვიღაცას, მაგრამ აფხაზურ საზოგადოებაშიც დიდი ნაწილი არ დაეთანხმება, ვფიქრობ, მათი პოლიტიკური ოცნებების და იდეების ასეთ დასასრულს.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე კოლეგებს ურჩევს, თავი შეიკავონ აბაშიძე-კარასინის პრაღის მოლაპარაკებათა რაუნდში მონაწილეობისგან. ჯაფარიძემ აღნიშნული აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტში რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმების პროექტის განხილვის საკითხის შეფასებისას თქვა.

"ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ ეს რაუნდი არ უნდა ჩატარდეს. როდესაც ერთი მხარე უტიფრად აქვეყნებს რაღაც გაურკვეველი შინაარსის დოკუმენტს, ლაპარაკია პირდაპირ ანექსიაზე, უნდათ აფხაზებს ეს თუ არა, ამგვარ სიტუაციებში მე პირადად ვურჩევდი ჩემს კოლეგებს, თავი შეიკავონ ამ რაუნდში მონაწილეობისგან", - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.

საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პრაღაში უკვე გაემგზავრა.

კომენტარები