საერთო სამხედრო დაჯგუფება

უსაფრთხოების საბჭო: შეხვედრაზე აფხაზეთში არსებული ვითარებაც განვიხილეთ

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებით, გუშინდელ სხდომაზე სხვა თემებთან ერთად, განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება და რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა. საბჭომ სხდომის გამართვის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს აფხაზეთში შექმნილი ვითარების განხილვა მოსთხოვა და მათი პოზიციის გაცნობის შემდეგ, უშიშროების საბჭოს მოწვევა დააანონსა.

"საბჭოს წევრებმა იმსჯელეს მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტზე და ხელისუფლების მხრიდან რეაგირების მექანიზმებზე. სხდომის შემდეგ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გავრცელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც შეთანხმებული იყო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან" - აღნიშნავს საბჭო.

დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი უხეში ნაბიჯი. მისი თქმით, ასეთი შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება გააუარესებს უსაფრთხოებას შავი ზღვის აუზსა და კავკასიის რეგიონში. მან საქართველოს პარლამენტს მიმართა, უსწრაფეს პერიოდში განიხილოს არსებული ვითარება და შეიმუშაოს პოზიცია. პრეზიდენტის თქმით, ამ პოზიციაზე დაფუძნებით, ის უშიშროების საბჭოს მოიწვევს.

რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების პროექტი სოხუმის პარლამენტში განსახილველად შევიდა. საერთო დაჯგუფებას რუსეთი დააფინანსებს და მისი ამოცანა აგრესიის შემთხვევაში აფხაზეთის დაცვა იქნება. საგანგებო სიტუაციის დროს მის სარდლობას რუსეთი დანიშნავს. ხელშეკრულების პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ ორი წლის ვადაში რუსეთსა და აფხაზეთს შორის სასაზღვრო კონტროლი უნდა გაუქმდეს, წელიწად-ნახევარში კი, აფხაზეთმა საბაჟო პროცედურები საბაჟო კავშირის წესებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს.

კომენტარები