საერთო სამხედრო დაჯგუფება

პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრა დაიწყო

ზურაბ აბაშიძე

პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის მთავარი თემა ამჯერად რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან გასაფორმებელი მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება იქნება. 

"თუ ეს ხელშეკრულება გაფორმდება, ეს იქნება აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი, რასაც, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი შედეგები. გამოვთქვამთ იმედს, რომ რუსეთი ამ გზით არ წავა, რადგან ეს ძალიან სერიოზულად დააზიანებს იმ დიალოგს, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ორი წლის წინ. რა თქმა უნდა, ეს ზიანს მიაყენებს ჟენევის ფორმატსაც და, რაც მთავარია, სერიოზულ, ახალ საფრთხის ელემენტს შეიტანს მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ შეხვედრის დაწყებამდე. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

ცნობისთვის, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ინიციატივის ფონზე თბილისში კრიტიკა მოჰყვა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების აბაშიძე-კარასინის ფორმატს. პარლამენტის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელმა თედო ჯაფარიძემ პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს მოლაპარაკებების ჩაშლისკენ მოუწოდა, თუმცა აბაშიძის პასუხი ის იყო, რომ ჯაფარიძის განცხადება ასაკობრივია და მას მუხრუჭებმა უმტყუნა.

ზურაბ აბაშიძე კარასინთან შესახვედრად უკვე გაემგზავრა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფორმატი არ ითვალისწინებს პოლიტიკური საკითხების განხილვას, შეხვედრაზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებას განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების პროექტი ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ განსახილველად დე ფაქტო ხელისუფლების პარლამენტში განსახილველად შევიდა. პროექტი ითვალისწინებს საერთო სამხედრო დაჯგუფების შექმნას, რომელსაც რუსეთი დააფინანსებს. დაჯგუფების მიზანი იქნება აგრესიის შემთხვევაში აფხაზეთის დაცვა. ასევე, საგანგებო სიტუაციის დროს მის სარდლობას რუსეთი დანიშნავს. ხელშეკრულების პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ ორი წლის ვადაში რუსეთსა და აფხაზეთს შორის სასაზღვრო კონტროლი უნდა გაუქმდეს, წელიწად-ნახევარში კი აფხაზეთმა საბაჟო პროცედურები საბაჟო კავშირის წესებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს.

კომენტარები