ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ კანონი

ენმ პრეზიდენტს მოუწოდებს, უშიშროების საბჭოს კანონში ცვლილებებს ვეტო დაადოს

ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტს მოუწოდებს, "ეროვნული უშიშროების საბჭოს" შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე ვეტოს უფლება გამოიყენოს. აღნიშნული საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თქვა, სადაც "უშიშროების საბჭოს" შესახებ კანონში განსახორციელებელი ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილეს.

"წარმოდგენილი პროექტი კონსტიტუციით მოცემულ ძალთა ბალანსს ცვლის. პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცა უშიშროების საბჭოს ფარგლებში ჩვენგან ნეგატიურ დამოკიდებულებას იმსახურებს. მოვითხოვთ მისგან ვეტოს უფლების გამოყენებას", - თქვა დარჩიაშვილმა.

პარლამენტი უშიშროების საბჭოს რეფორმირების საკითხს და მასთან დაკავშირებით ინიცირებული პროექტის განხილვას ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. განიხილება კანონპროექტი, რომელიც 2013 წლის საშემოდგომო სესიაზე პირველი მოსმენით მიიღეს და შემდეგ რამდენიმე საკითხებზე პოზიციების შეუჯერებლობის გამო გადადეს.

პროექტის მიხედვით, ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენცია მხოლოდ სამხედრო აღმშენებლობასთან და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხებით შემოიფარგლება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ცვლილებებით უშიშროების საბჭოსა და მისი ხელმძღვანელის, პრეზიდენტის უფლებამოსილებები მოქმედ კონსტიტუციასთან მოდის შესაბამისობაში.

კომენტარები