კრიზისი უკრაინაში

ეუთო-მ დონეცკთან სამხედრო კოლონები დააფიქსირა

AP

ეუთო-ს დამკვირვებლებმა უკრაინაში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, დონეცკის მახლობლად სამხედრო კოლონები დააფიქსირეს. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, კოლონებში ქვემეხები და გრადის ტიპის დანადგარები შეამჩნიეს. ბოლო დღეებში სამხედრო კოლონების ღია გადაადგილება რეგიონში უცხოელმა ჟურნალისტებმაც დააფიქსირეს. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ტექნიკა დიდი რაოდენობით რუსეთიდან შემოვიდა. NATO ქვეყნის საზღვრებთან რუსული ჯარების თავმოყრას ადასტურებს. კიევში აცხადებენ, რომ რუსეთი მაშტაბურ პროვოკაციას და ე.წ. სამშვიდობო ძალების შემოყვანას გეგმავს.

შეშფოთება აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ძალების თავმოყრის, ასევე ქალაქ დონეცკის ახალი დაბომბვის გამო ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ გამოთქვა. მისი თქმით, აუცილებელია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა და სამშვიდობო შეთანხმების შესრულება.  

მოგერინიმ ევროკავშირის სახელით მოუწოდა რუსეთს, უკრაინიდან ყველა სახის ჯარი და აღჭურვილობა გაიყვანოს და სეპარატისტებზე გავლენა მოახდინოს, რათა მათ სამშვიდობო შეთანხმება შეასრულონ. 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით კი, სიტუაცია უკრაინის აღმოსავლეთში ისევ უარესდება. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, სიტუაცია ძალიან სერიოზულია და იგი კონფლიქტის მონაწილე მხარეებს და რუსეთს მინსკის შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებს. 

სეპარატისტების მხარდაჭერის შეწყვეტა და საკუთარი ჯარებისა და ტექნიკის უკრაინიდან გაყვანა თავის განცხადებაში მოსკოვს თეთრი სახლის წარმომადგენელმა ბერნადეტ მიჰენმა მოსთხოვა.

კომენტარები