ტყის კვირეული

ტყის კვირეული 15 ნოემბერს წავკისში დაიწყება

15-23 ნოემბერს, WWF-ის ინიციატივითა და ხელშეწყობით, ტყის კვირეული გაიმართება. კვირეულს უმასპინძლებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტი - კლიმატის ცვლილებების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.

კვირეული წავკისში დაიწყება თბილისის მერიის გამგებლობაში არსებულ საცდელ სატყეო უბანზე. ღონისძიება მოიცავს 2012-2014 წწ.-ში გაშენებული ტყის ნარგაობების დათვალიერებას და წინასწარ განკუთვნილ ტერიტორიაზე ხის ნერგების დარგვას. ნერგების დარგვის პროცესს მონიტორინგს WWF-ის წარმომადგნლები გაუწევენ.

მედიის გარდა, ტურში ასევე მონაწილეობენ თბილისის მერი დავით ნარმანია და მერიის, WWF-ის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა სტუმრები. დასასრულს, ყველა მონაწილეს მადლობის ნიშნად გადაეცემა სერტიფიკატი.

 17 ნოემბერს, ტყის კვირეულს ბაქსვუდის სკოლა უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც  მოსწავლეებისათვის  გაიმართება ეკოგაკვეთილი. მათ WWF-ის წარმომადგენლები ბავშვებს ტყის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან, ასწავლიან როგორ გაუფრთხილდნენ ბუნებას, ხეებს და გარემოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბავშვები წარმოადგენენ ტყისა და გარემოს დაცვის თემატიკაზე პრეზენტაციებს. 

20 ნოემბერს, ტყის კვირეულს ბუკიას ბაღი უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც  მოზარდებისთვის გაიმართება ეკოგაკვეთილები. მათ მიეწოდება ყველა საჭირო ინფორმაცია, თუ როგორ გაუფრთხილდნენ ბუნებას, ხეებს და გარემოს.  პატარებისთვის კი გაიმართება ფოკუსების შოუ. ღონისძიების სპეციალური სტუმრები იქნებან „თბილისის მწვანე სკოლისა“ და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის გეოეკოლოგიის წრის მოსწავლეები.

21 ნოემბერს, ბრენდირებული ავტობუსით პანდები და პრომო გოგონები  ბუშტებით ხალხმრავალ ადგილებში (თავისუფლების მოედნიდან - ზოოპარკამდე) იმოძრავებენ. გაჩერებებზე გოგონები ბავშვებს აცნობენ ტყის კვირეულის შესახებ და მოუწოდებენ ბუნების დაცვისკენ.

 22 ნოემბერს, ტყის კვირეულს ხაშური უმასპინძლებს. ქალაქის სატყეო საცდელი ნაკვეთის ტერიტორიაზე გაიმართება ტური ბლოგერებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. მათთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ხაშურის მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები. ტურის ყველა მონაწილე სპეციალურ ტერიტორიაზე დარგავს ხეს. დასასრულს, აღნიშნულ ადგილს მიენიჭება ახალი სახელი და ყველა მონაწილეს მადლობის ნიშნად ტურში სტუმრობისთვის გადაეცემა სერტიფიკატი.

23 ნოემბერს, ტყის კვირეულს ზოოპარკი უმასპინძლებს. გაიმართება ეკოგაკვეთილი, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხის დარგვის იმიტირება და სწავლება. მოსულ სტუმრებს სპეციალისტი გააცნობს თუ როგორ ხდება ხის ნერგის დარგვის პროცესი, მისი მოვლა, როგორ მოუფრთხილდნენ ხეს, მცენარეებს და ტყეს. მხატვრები ბავშვებს და სხვა მსურველებს სახეზე დაახატავენ პანდა-ტატუს, შესაბამისად, ისინი ავტომატურად ხდებიან „ტყის კვირეულის“ მონაწილენი. პატარებს გაართობენ სპეციალურად კვირეულისთვის მოწვეული „ქუჩის თეატრის“ მსახიობები, ოჩოფეხებიანი კლოუნები და ანიმატორები.

კვირეულის განმავლობაში WWF-ის წარმომადგენლები მედიასთან შეხვედრას გამართავენ, სადაც ტყის სერტიფიცირების - FSC-ის შესახებ ისაუბრებენ, გააცნობენ მის არსსა და საჭიროებას.

კომენტარები