თბილისის ბიუჯეტი

ენმ: დავით ნარმანია ურცხვად ატყუებს მოსახლეობას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, თბილისის მერი დავით ნარმანია "ურცხვად ატყუებს მოსახლეობას და ის თეორიულადაც ვერ შეძლებს ბიუჯეტში ცვლილების გარეშე 60 ლარის დარიგებას, როდესაც ბიუჯეტში სულ 50 ლარია გათვალისწინებული". საკრებულოს ფრაქცია ერთიან ნაციონალურ მოძრაობის მტკიცებით, თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტით კომუნალური ვაუჩერის დაფინანსება ჯამურად მცირდება 6 904 500 ლარით და აქედან გამომდინარე, თითოეული ოჯახი (გარდა 70 000 სარეიტინგო ქულამდე სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისა) ნაცვლად 100 ლარისა (თვეში 20 ლარი), მიიღებს 50 ლარს (თვეში 10 ლარი). 

"გუშინ თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება: დღეს საკრებულოს უმცირესობის წევრებმა გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, თითქოს 2015 წლიდან თბილისში რეგისტრირებული ოჯახების კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი მცირდება. რეალურად, 2015 წლიდან სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის არსებული შეღავათები გაორმაგდება და, 250 ლარის ნაცვლად, მათზე 500-ლარიანი სუბსიდია გაიცემა, ხოლო ყველა დანარჩენ ოჯახს 2015 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში, ჩვეულებრივ ჩაერიცხება 20 ლარი თვეში, როგორც ეს წინა წლებში ხორციელდებოდა“. გვინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტით კომუნალური ვაუჩერის დაფინანსება ჯამურად მცირდება 6 904 500 ლარით და აქედან გამომდინარე, თითოეული ოჯახი (გარდა 70 000 სარეიტინგო ქულამდე სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისა) ნაცვლად 100 ლარისა (თვეში 20 ლარი), მიიღებს 50 ლარს (თვეში 10 ლარი). ამის დასტურია თბილისის ბიუჯეტი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ კომუნალური ვაუჩერი 50 ლარის ოდენობით დაურიგდება 384 126 ოჯახს და შესაბამისად, ჯამურად ამ მიზნით (ანუ გარდა 70 000 ქულამდე სოციალურად დაუცველებისა) ბიუჯეტში გაწერილია 19 206 300 ლარი.

ახლა მორიგი მათემიტიკის გაკვეთილი დავით ნარმანიასთვის:

სამი თვის განმავლობაში ჩარიცხული 20 ლარი ჯამში 60 ლარია (20 * 3 = 60); 60 მეტია 50-ზე (60>50);

შესაბამისად, დასკვნაც ნათელია, ნაცვლად საკუთარი შეცდომის აღიარებისა, დავით ნარმანია მართლაც ურცხვად ატყუებს მოსახლეობას და ის თეორიულადაც ვერ შეძლებს ბიუჯეტში ცვლილების გარეშე 60 ლარის (წლის პირველი სამი თვის განმავლობაში 20-20 ლარი) დარიგებას, როდესაც ბიუჯეტში სულ 50 ლარია გათვალისწინებული", - ნათქვამია ენმ-ის განცხადებაში.

კომენტარები