ევროკომისარი

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომს შეხვდა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემა ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ეფექტური იმპლემენტაცია იყო.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, "ევროკომისარმა საქართველოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, რათა წარმატებით განხორციელდეს სამწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მეწარმეებს ევროკავშირის ბაზარზე გასვლას გაუმარტივებს".

ამასთან, პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, "ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისართან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გამჭვირვალობას და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში. ამ მიზნით, DCFTA-ს მრჩეველთა ჯგუფის შექმნა იგეგმება, რომელიც ბიზნესის წარმომადგენლებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კონსულტაციას გაუწევს. პრემიერმინისტრმა ევროკომისარს ასევე მიაწოდა ინფორმაცია იმ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს".

კომენტარები