ფარული მოსმენები

კუბლაშვილი: ე.წ. გასაღების სასამართლოსთვის გადაცემა ამ ეტაპზე მისაღები არ არის

frontnews.ge

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის შეფასებით, ე.წ. გასაღების სასამართლოსთვის გადაცემა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ იქნება. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მოსამართლეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დიდხანს იმსჯელეს.

"ყველა მათგანი მიიჩნევს, რომ სასამართლოსთვის ასეთი უფლებამოსილების გადაცემა მიზანშეწონილი არ იქნება. სასამართლო გამოდის როგორც ბრძანების გამცემი, შემდგომ ამ ბრძანების განმახორციელებელი და შემსრულებელი. შემდგომ ის ახორციელებს კონტროლს თავისივე ბრძანებაზე, ოღონდ სხვა წესით და სხვა კუთხით, შემდგომ უკვე ამ ბრძანების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს ანადგურებს პროკურორთან ერთად და ამას დამატებული, დასაშვებ მტკიცებულებებს საქმის განხილვის დროს განიხილავს. ამ ყველაფრის ერთ ხელში მოყრა ნამდვილად არ შეესაბამება სასამართლოს იმ ფუნქციას, რაც მას სინადვილეში აქვს. ჩვენ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე არ იქნება მისაღები ასეთი ფუნქციის სასამართლოსთვის გადაცემა", - განაცხადა კუბლაშვილმა.

ამ ეტაპზე, პარლამენტში, მოსმენებთან დაკავშირებით ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული. ვახტანგ ხმალაძის მომზადებული ვარიანტი ე.წ. გასაღების კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის გადაცემას გულისხმობს. ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის ინიციატივის მიხედვით კი, ე.წ. გასაღები შსს-ს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა ჰქონდეთ.

ამასთან, გუშინ თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნულმა ინსტიტუტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, პარლამენტს ახალი ინიციატივა წარუდგინა. ამ ინიციტივის მიხედვით, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ცენტრალური ბიურო ერქმევა. სსიპ-ის ხელმძღვანელს პრეზიდენტი დანიშნავს. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ კანონპროექტის განხილვა დაგვიანებულია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი მზადაა, საკანონმდებლო ორგანოში არასამთავრობო ორგანიზაციების კანონპროექტი დაარეგისტრიროს, რომელიც ამ დრომდე არ არის ინიცირებული. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სასურველი არ იქნება, თუკი მათი პროექტის ინიცირებას ნაციონალური მოძრაობა მოახდენს. ისინი ფიქრობენ, რომ ეს   ხელისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციების კანონპროექტის საწინააღმდეგოდ დამატებით არგუმენტებს მისცემს. არასამთავრობო ორგანიზაციების მომზადებული კანონპროექტი ორგასაღებიან სისტემას გულისხმობს. კერძოდ, მათ სურთ, ერთი გასაღები სასამართლოს, მეორე კი, მობილურ კომპანიებს ჰქონდეს.

კომენტარები