სდსს-ის 2013 წლის ხარჯები

თარგამაძე ნდობის ჯგუფს: მოითხოვეთ სდსს-ს 2013-ის საიდუმლო ხარჯების გასაჯაროება

ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძე პარლამენტის ნდობის ჯგუფს მოუწოდებს, მოითხოვონ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2013 წლის საიდუმლო ხარჯების გასაჯაროება. მისი თქმით, ამით გაირკვევა, რა ხარჯები გაწია, იმჟამინდელი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, მისმა ყოფილმა პირადი დაცვის უფროსმა; უნდა წაეყენოს ბრალი ბიძინა ივანიშვილს და ანზორ ჩუბინიძეს, თუ უნდა შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას მიმართ.

"მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა, რომელსაც მე არ ვესწრებოდი, გამომდინარე იქიდან, რომ იქ განიხილებოდა მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული საკითხები. მე მისი "ხუშტურების" განხორციელებაში არ მივიღებ მონაწილეობას, როგორც იმთავითვე ვთქვი. მაგრამ მოხდა საინტერესო რამ, პრაქტიკულად, აუდიტის სამსახურის მიერ მოტანილი მასალების, რომლებიც უკვე გადაგზავნილია პროკურატურაში, თითქმის აბსოლუტური ნაწილის გასაჯაროება მოითხოვა ნდობის ჯგუფმა, ერთი გამონაკლისის გარდა, ამას მინდა, ხაზი გავუსვა. იქ იყო, მოგეხსენებათ, 2011-12 წლის მასალები შს სამინისტროსთან მიმართებაში და იყო 2013 წლის ნაწილი თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში, რომლის გასაჯაროებაც ასევე მოითხოვა ნდობის ჯგუფმა და არ მოითხოვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2013 წლის საიდუმლო ხარჯების გასაჯაროება. რატომ ვუსვამ ამას ხაზს - მოგეხსენებათ, 2011-12 წლების საიდუმლო ხარჯები არის გასაჯაროებული და სწორედ მათ საფუძველზე წაეყენათ ბრალი მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას, დაუყადაღდათ ქონება და ა.შ.

მე მოვუწოდებ ნდობის ჯგუფის წევრებს, მოითხოვონ 2013 წლის საიდუმლო ხარჯების გასაჯაროებაც და გააკეთონ ეს ახლავე. ამას არ ჭირდება დამატებითი სხდომის ჩატარება - დაუმატონ იმას, რაც მოითხოვეს გუშინ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მექნება ეჭვი, რომ ძალიან სერიოზული ფაქტის დაფარვაში მონაწილეობს ნდობის ჯგუფის უმრავლესობის ნაწილიც. გამომდინარე იქიდან, რომ თუ მოხდა ამ მასალების გასაჯაროება, ჩვენ გვექნება საშუალება, ვნახოთ, მას შემდეგ, რაც 2013 წლის თებერვალში პარლამენტმა გადასცა დაქვემდებარებაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრემიერმინისტრს, ანუ ბიძინა ივანიშვილს, ხომ არ ხორციელდებოდა მისი განკარგულებით იგივე ხარჯების გაწევა? პრემიერმინისტრის იგივე ბრძანებულების საფუძველზე სახელმწიფო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი დაცვის უფროსის მიერ და თუ ეს ასეა, რისი სერიოზული ეჭვიც არსებობს, მაშინ რა უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში? უნდა წაეყენოს იგივე ბრალი ბიძინა ივანიშვილს და ანზორ ჩუბინიძეს, თუ უნდა შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა სააკაშვილისა და ჯანაშიას მიმართ", - თქვა თარგამაძემ პრესკონფერენციაზე.

თარგამაძისვე თქმით, "საჭიროა ნდობის ჯგუფის ყველა წევრის კონსოლიდირებული პოზიცია და პრემიერისგან ამ ხარჯების გასაჯაროების მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, თუ ამ ხარჯების გასაჯაროებაზე პრემიერმინისტრი იტყვის უარს, ყველაფერი გასაგები იქნება და თუ ხარჯები გასაჯაროვდება, მაშინ ყველას გვექნება საშუალება, თვითონ გამოვიტანოთ დასკვნა, რასთან გვაქვს საქმე".

კომენტარები