Georgian Airways-ის აქცია

კვირიკაშვილი: აირზენას მიერ სიტუაციის გამწვავება პროვოკაციულ ხასიათს ატარებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბოლო დროს ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეის-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე საგანგებო განცხადება გაავრცელა. კვირიკაშვილის განმარტებით, აირზენას მხრიდან სახელმწიფო მოხელეებზე ზეწოლა სამინისტროსთვის მიუღებელია.

"მთავრობაში გამართული მსჯელობის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება: უახლოეს პერიოდში ტექნიკური კონსულტაციების გამართვამდე, გაუქმდეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ ზეწოლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება; აღდგეს 14-14-სიხშირიანი გრაფიკი და საქართველოს მხრიდან 14-ვე სიხშირეზე დანიშნული იქნას ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, აირზენა ფრენების სიხშირეების ხელოვნურად შემცირების გზით ცდილობს ბილეთზე არაადეკვატურად მაღალი ფასი შეინარჩუნოს, რაც ქვეყანაში ტურიზმის განვითარების, ახალი სამუშაო ადგილებისა და სასტუმროების მშენებლობის პრიორიტეტებთან მოდის წინააღმდეგობაში.

"როგორც ჩანს, ჯორჯიან ეარვეის-ს სურს, ფრენების სიხშირეების ხელოვნურად შემცირების გზით შეინარჩუნოს ბილეთებზე არაადეკვატურად მაღალი ფასი, რაც თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს არანაკლებ მნიშვნელოვან პრიორიტეტთან - განვავითაროთ ქვეყანაში ტურიზმი, ხელი შევუწყოთ ამ გზით ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ახალი სასტუმროების მშენებლობას, სატრანსპორტო სისტემების განვითარებას. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენმა მილიონამდე თანამემამულემ ხელმისაწევდომ ფასად შეძლოს, საკუთარ ოჯახებთან და სამშობლოსთან იქონიოს მუდმივი კავშირი და ეს კავშირი არ გაწყვიტოს" - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის შეფასებით, დაგეგმილი იყო კონსულტაციები, ავიაკომპანიის მხრიდან კი მდგომარეობის ამგვარად გამწვავება პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.

კომენტარები