2014 წელი

რა ხდებოდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში 2014 წლის განმავლობაში

2014 წელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაპირების მიხედვით, საგრძნობლად უკეთესი უნდა ყოფილიყო, სრულდება. განვლილმა პერიოდმა თავი ხმაურიანი მოვლენებით დაგვამახსოვრა  - ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსანთა დაკავებები, მმართველი კოალიციის რღვევა, დაპირისპირება პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის, საკამათო კანონები და ვეტოები, წარმატებები თუ წარუმატებლობები საგარეო ფრონტზე, ორჯერ გაუფასურებული ლარი და ბიუჯეტი, რომელიც ვერ შესრულდა - 2014 წელი პოლიტიკოსების, მედიისა და საზოგადოებისთვის მოსაწყენი ნამდვილად არ ყოფილა.

მოვლენა, რომლის დადებით მნიშვნელობაზე თითქმის ყველა თანხმდება, ასოცირების შეთანხმების გაფორმებაა - წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული სამუშაო  მოქმედმა დაასრულა.

სწორედ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა იყო ერთ–ერთი საკითხი, რომელმაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სიახლე შემოიტანა - ჩვენ, ერთის მხრივ, პრემიერისა და მმართველი კოალიციის და, მეორე მხრივ, პრეზიდენტს შორის დაპირისპირების მომსწრენი გავხდით. პრეზიდენტი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის თქმით, ხასიათი გამოავლინა ყოფილი პრემიერის მხრიდან არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი. ივანიშვილის კრიტიკამ პრეზიდენტისადმი მწვანე შუქი აუნთო უმრავლესობის წარმომადგენლებსაც, რომლებიც მსგავსი პათოსით ერთხმად აკრიტიკებდნენ მარგველაშვილს სხვადასხვა დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ვეტოს უფლებას იყენებდა. ისედაც შესუსტებულ პრეზიდენტის ინსტიტუტს, უმრავლესობის წევრებმა ამ უფლების შეზღუდვაც მოუნდომეს.

კომენტარები