დაჭრა პარიზში

პარიზში პოლიციელი დაჭრეს

AFP

პარიზის სამხრეთ ნაწილში მდებარე გარეუბან მონრუჟში პოლიციელი დაჭრეს. შეიარაღებული პირი მეტროსკენ გაიქცა, თუმცა მისი დაკავება მაინც მოახერხეს. მან ორ პოლიციელს ესროლა, ერთი მძიმედ არის დაშავებული.

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა დაკავშირებული ეს გუშინდელ Charlie Hebdo-ს ტერაქტთან, რომელსაც 12 ადამიანი ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პოლიცია სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე თავდასხმაში მონაწილე ორ ძმას ასახელებს, თუმცა ძიება გრძელდება. პოლიციამ გაავრცელა ჩერიფ და საიდ კუაჩის ფოტოები. ჩერიფ კუაჩი ნასამართლევია, ის ეკუთვნოდა ჯგუფს, რომელიც ჯიჰადისტ მებრძოლებს ერაყში აგზავნიდა. პოლიციამ მათ უწოდა "საშიში და შეიარაღებული" და დაპატიმრების ორდერები წარმოადგინა.

BBC-ის ცნობით, მესამე ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა. ფრანგული მედია, პოლიციის დოკუმენტებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ მესამე ეჭვმიტანილი 18 წლის ჰამუდ მურადია.

უსაფრთხოების ძალები დამნაშავეებს მთელი ღამის განმავლობაში აღმოსავლეთით, ქალაქ რეიმსში ეძებდნენ. თუმცა ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. აღსანიშნავია, რომ მედიის ოფისებში გაძლიერებული დაცვაა მობილიზებული. 

სამართალდამცველების განცხადებით, დასაკითხად 7 ადამიანი აიყვანეს, რომლებიც დაკავშირებული არიან ეჭვმიტანილებთან.

საფრანგეთში გლოვის დღეა გამოცხადებული. გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში ხალხი პარიზის ქუჩებში იყო შეკრებილი. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით - Je suis Charlie (მე ვარ შარლი).

კომენტარები