ტერაქტი პარიზში

Charlie Hebdo-ზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები საფრანგეთის ჩრდილოეთში შენიშნეს

AFP

ფრანგულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირები საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში შენიშნეს, სადაც მათ მომსახურების ცენტრი გაძარცვეს. ამის შესახებ BBC იუწყება.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, დამნაშავეებმა მოიპარეს საკვები, საწვავი და რამდენჯერმე გაისროლეს.

საფრანგეთის პოლიციამ დამნაშავე პირები გუშინ მალევე დაასახელა. პოლიციამ გაავრცელა ჩერიფ და საიდ კუაჩის ფოტოები. ჩერიფ კუაჩი ნასამართლევია, ის ეკუთვნოდა ჯგუფს, რომელიც ჯიჰადისტ მებრძოლებს ერაყში აგზავნიდა. პოლიციამ მათ უწოდა "საშიში და შეიარაღებული" და დაპატიმრების ორდერები წარმოადგინა.

BBC-ის ცნობით, მესამე ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა. ფრანგული მედია, პოლიციის დოკუმენტებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ მესამე ეჭვმიტანილი 18 წლის ჰამუდ მურადია.

უსაფრთხოების ძალები დამნაშავეებს მთელი ღამის განმავლობაში აღმოსავლეთით, ქალაქ რეიმსში ეძებდნენ. თუმცა, არავინ დაუკავებიათ. აღსანიშნავია, რომ მედიის ოფისებში გაძლიერებული დაცვაა მობილიზებული. 

სამართალდამცველების განცხადებით, დასაკითხად 7 ადამიანი აიყვანეს, რომლებიც დაკავშირებული არიან ეჭვმიტანილებთან.

საფრანგეთში გლოვის დღეა გამოცხადებული. გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში ხალხი პარიზის ქუჩებში იყო შეკრებილი. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით – Je suis Charlie (მე ვარ შარლი).

გუშინ, თავდასხმის შედეგად 8 ჟურნალისტი, ჟურნალის რედაქტორის ჩათვლით, ორი პოლიციელი, ტექნიკური თანამშრომელი და სტუმარი დაიღუპნენ. შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირებმა ისინი პარიზში, ჟურნალის ოფისში ჩაცხრილეს. თვითმხილველების ცნობით, ისინი ისლამისტური შინაარსის ლოზუნგებს ყვიროდნენ. 

აღსანიშნავია, რომ თავდასხმამდე, ჟურნალის ოფიციალური ტვიტერით ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაღდადის კარიკატურა გავრცელდა. თავდასხმა რედაქციაზე 2011 წელსაც მოხდა, როდესაც ჟურნალში წინასწარმეტყველ მუჰამედზე კარიკატურები დაიბეჭდა. მაშინ ოფისი დაარბიეს და დაწვეს. 

გარდა ამისა, დღეს პოლიციელი მოკლეს პარიზის სამხრეთ ნაწილში. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება ეს თუ არა Charlie Hebdo-ს ტერაქტს.

კომენტარები