უზენაესი სასამართლო

კუბლაშვილი: სასამართლოს თავმჯდომარეს პოლიტიკური წარსული არ უნდა ჰქონდეს

კონსტანტინე კუბლაშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პოლიტიკური წარსული არ უნდა ჰქონდეს, თუმცა მისი დანიშვნა პოლიტიკურია, რადგან კანდიდატს პრეზიდენტი ასახელებს და პარლამენტი უყრის კენჭს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, რომელსაც უფლებამოსილება დაახლოებით ერთ თვეში ეწურება, მისი შემცვლელის დანიშვნის ვადა კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის.

"კონკრეტულ კანდიდატურებზე შეფასებას ვერ გავაკეთებ, სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება. პოლიტიკური წარსული სავარაუდოდ არ უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თუმცა ისევე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნაწილობრივ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა პოლიტიკური დანიშვნაა - პრეზიდენტი წარადგენს კანდიდატს და პარლამენტი ნიშნავს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს ხელს არ უშლის აშშ-ში თავმჯდომარეებს, რომ ძალიან პრიცნიპულები იყვნენ, როცა საქმეს იხილავენ. ჩვენთანაც იგივე უნდა განხორციელდეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ადამიანი როცა დაინიშნება, მას უნდა ჰქონდეს სუფთა მდგომარეობა პოლიტიკასთან მიმართებაში", - განაცხადა კუბლაშვილმა და აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს პრეზიდენტთან მართავდა, სიმართლეს არ შეესაბამება. 

"პრეზიდენტთან კონსულტაციები მქონდა სხვა თემაზე, კერძოდ, ორ ვაკანსიაზე, რომელიც ერთი წლისა და 8 თვის განმავლობაში შეუვსებელი იყო უზენაეს სასამართლოში. პრეზიდენტმა წარმოადგინა ორი კანდიდატი და ისინი დაინიშნენ", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა განაჩენის დასაბუთების ახალ კრიტერიუმებთან დაკავშირებით გაკეთებულ შეხვედრაზე.

კომენტარები