ღარიბაშვილი: გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმა იქნება 50-დან 5 000 ლარამდე

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ გარემოს დაცვა დაბინძურებისგან ყოველი ჩვენგანის ვალია. მისი თქმით, გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმა, რომელიც დღეიდან ამოქმედდება, 50-დან 5000 ლარამდე იქნება.

"პარლამენტმა მიიღო გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მომზადებული ნარჩენების მართვის კოდექსი, შეგახსენებთ, რომ კოდექსის მიზანი არის მოაწესრიგოს ნარჩენების მართვის სფერო და ამ მიზნით იცით, რომ დაწესდა საკმაოდ მკაცრი ჯარიმები. მინდა, მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ გავაკეთო ეს განმარტება, რომელიც დღეიდან ამოქმედდება. გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმა იქნება 50 ლარიდან მაქსიმუმ 5 000 ლარამდე, გააჩნია განსაკუთრებულ შემთხვევებს.

ამგვარი გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი იყო, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამკვიდროთ შესაბამისი ჩვევები გარემოს დასაცავად და თავიდან ავიცილოთ მისი დაბინძურება. კოდექსის აღსრულებაზე იმუშავებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ასევე საპატრულო დეპარტამენტი და შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს კიდევ ერთხელ კარგად, რომ გარემოს დაცვა დაბინძურებისგან არის ყოველი ჩვენგანის ვალი და ეს არ იქნება რთული, თუ ყველა დავიცავთ ელემენტარულ წესებს და ახლა უკვე კანონს", - თქვა პრემიერმინისტრმა.

ნარჩენების მართვის კოდექსი საყოფაცხოვრებო, მუნიციპალური, სამშენებლო და სხვა ნარჩენების მოძრაობის, დასაწყობების, გადატვირთვის და ნარჩენებით გარემოს დაბინძურების საკითხებს არეგულირებს. 

კომენტარები