პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

პრეზიდენტის გამოსვლა გადაიდო - პარლამენტს სხვა საკითხები აქვს განსახილველი

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში, რომელიც 4 თებერვალს იყო დაგეგმილი, გადაიდო. ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. უსუფაშვილის თქმით, საგაზაფხულო სესიაზე დეპუტატებს მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ განსახილველი.

"პრეზიდენტის ყოვლწლიური გამოსვლა პარლამენტში მოგეხსენებათ მოქმედი კანონმდებლობით საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომებზეა გათვალისწინებული. თუმცა, ის, რომ 4 თებერვალს ვერ იქნება ეს, უკვე გასაგებია. პირველ რიგში იმიტომ, რომ პარლამენტს წინა სესიიდან გადმოყვა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, ამიტომ პირველი პლენარული კვირის განმავლობაში გაგვიჭირდება პრეზიდენტის მოსმენა. თუმცა, დანარჩენი, როდის და როგორ იქნება, რაც შეიძლება ადრე ვამცნობთ საზოგადოებას", - თქვა უსუფაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას განცხადებით, მოლაპარაკებები პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გაიმართება. რაც შეეხება გამოსვლის ფორმატსა და მოხსენების შემდეგ პოლიტიკური დებატების შესაძლო გამართვას, პატარაიას თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტა პარლამენტის პრეროგატივაა.

„იმედი მაქვს, შევთანხმდებით არა მხოლოდ თარიღზე, არამედ ფორმატზეც და, შესაბამისად, პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში შედგება ისე, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია“, - განაცხადა პატარაიამ.

კომენტარები