საკონსტიუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ ირიბი ჩვენებების გამოყენება არაკონსტიტუციურად ცნო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 22 იანვარს მოქალაქე ზურაბ მიქაძის სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა და პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი და 169-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება (მუხლი 76).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენის მიღება და პირის ბრალდება უნდა მოხდეს მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, რომელთა ნამდვილობა ეჭვს არ იწვევს, სხვა შემთხვევაში ჩნდება პირის უსაფუძვლო და თვითნებური ბრალდების რისკი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ირიბი ჩვენება ზოგადად ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა და მისი გამოყენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები იძლევა ისეთი მტკიცებულებების გამოყენების შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით არ არის უტყუარი და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს.

მოსარჩელე ზურაბ მიქაძე ასევე ითხოვდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილი შეიცვალა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებამდე და სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში შეწყვიტა სამართალწარმოება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.

 

კომენტარები